საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქეების 90% ატარებს პირბადეს, ინფიცირების გავრცელება 70%-ით შემცირდება. ამასთანავე, პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას აღნიშნა, რომ თუ მოსახლეობის მხრიდან წესების დაცვა არ მოხდება, ვირუსი სწრაფად გავრცელდება და კიდევ უფრო მეტად დააზიანებს როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ისე მოქალაქეებს.
„საქართველოში ინფიცირების მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ადაპტაციისა და მართვის ეტაპი, რომელზეც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, მოითხოვს მეტ პასუხისმგებლობას თითოეული ჩვენგანისგან.
მოგეხსესნებათ, რომ საყოველთაოდ ცნობილია თუ რამდენად ეფექტურია ელემენტარული ნიღბის ტარება. დღესაც გვქონდა ჩვენ ეპიდემიოლოგებთან საუბარი და იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მოქალაქეების 90% ატარებს პირბადეს, ინფიცირების გავრცელება 70%-ით შემცირდება. ეს არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ვერავინ უფრო ეფექტური ინსტრუმენტი ვერ გამოიგონა, ვიდრე ნიღაბი, სოციალური დისტანცია და ჰიგიენის წესების დაცვა. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და დავიცვათ ეს წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფიცირების გავრცელების ზრდა იქნება სწრაფი და მეტ ზიანს მიაყენებს როგორც ჩვენს ეკონომიკას, ისე ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ უკეთ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, მეტი პაუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ხანდაზმულებზე, რამეთუ ისინი არიან, უპირველესად, რისკის ჯგუფში,“- განაცხადა გახარიამ.