შესაძლებელია თუ არა გამოსასყიდმა სამართალდამცველები დამნაშავის კვალზე გაიყვანოს

ზუგდიდში, ,,საქართველოს ბანკში“ მომხდარი თავდასხმის შედეგად, შეიარაღებულმა პირმა მძევლად აყვანილი პირები, ნახევარი მილიონი დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ მოთხოვნილი თანხა თავდამსხმელს სამართალდამცავებმა გადასცეს, რომელმაც ბანკის ტერიტორია რამდენი მძევალთან ერთად დატოვა, მოგვიანებით კი მიიმალა. როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, ახლა სამართალდაცავების ამოცანაა უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი უმოკლეს დროში დააკავონ. ,,ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია საერთაშორისო პრაქტიკა და შეუძლიათ თუ არა სამართალდამცველებს, გამოსასყიდის სახით გადაცემული ფულის კუპიურების გამოყენების შემთხვევაში, დამნაშავის იდენტიფიცირება?

საბანკო სფეროს სპეციალისტი, გოჩა თუთბერიძე ამბობს, რომ არა მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც შესაძლებელია მძარცველის იდენტიფიცირება იმ შემთხვევაში თუ ის სამართალდამცავების მიერ ე.წ. დანომრილ ფულს გამოიყენებს. მისივე განცხადებით, საქმე ეხება დანაშაულს, რომლის გამოძიებისას, მტრული სახელმწიფოებიც კი თანამშრომლობენ ერთმანეთთან.

,,ამ კონკრეტულ შემთხვევაში კითხვაზე პასუხი მხოლოდ კრიმინალურმა პოლიციამ იცის, რამდენად მოახერხეს და ფორსმაჟორში შეძლეს თუ არა ფულის ე.წ. დანიშვნა.

საერთაშორისო პრაქტიკა კი ასეთია, ფულს რომელსაც გადასცემენ გამტაცებლებს, აქვს სამართალდამცველების მიერ წინასწარ იდენტიფიცირებული ნომრები და შემდეგ, მისი გამოყენების შემთხვევაში ხდება დამნაშავის კვალზე გასვლა და დაპატიმრება. ამ სახის დანაშაულის დროს ერთმანეთთან მტრულად განწყობილი სახელმწიფოებიც კი თანამშრომლობენ. რთული გამოსაცნობია როგორ მოიქცევა ამ შემთხვევაში აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობა და წესით, მათაც არ უნდა აწყობდეთ ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირი, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიფარონ “-ამბობს სპეციალისტი ,,ბიზნესპრესნიუსთან“. სხვათა შორის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ თუ დამნაშავე „საზღვარს“ გადაკვეთს, სოხუმი მას თბილისს გადასცემს.

შეგახსენებთ, ძარცვა ,,საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში გუშინ, 21 ოქტომბერს მოხდა. შეიარაღებულმა პირმა 43 მძევალი აიყვანა, მათი განთავისუფლების სანაცვლოდ კი 500 000 აშშ დოლარი მოითხოვა.

თამარ მუკბანიანი