ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, ვალდებულება ჩნდება, რომ შესაბამისმა ბიზნესსექტორმა მუდმივად აწარმოოს მონიტორინგი გაფრქვევებზე,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბიზნესსექტორს ასევე ვალდებულება გაუჩნდება, რომ ჰქონდეთ სპეციალური მტვრის შემაკავებელი ფილტრაციის სისტემები, რათა გაფრქვევები შემცირდეს.
„ინფორმაციაზე მუდმივი წვდომის საშუალება უჩნდება თითოეულ მოქალაქეს, გაიგოს, თუ როგორია ჰაერის მდგომარეობა. ონლაინ რეჟიმში ჩვენც გვექნება სურათი სამრეწველო ობიექტებიდან გაფრქვევების და დაბინძურებების შესახებ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უჩნდება ბერკეტი, რომ, მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაში, შევძლოთ საწარმო პროცესის შეჩერება, რისი უფლებაც აქამდე არ გვქონდა.
ასე რომ, კომპლექსურად, როგორც საკანონდებლო ცვლილებების გაუმჯობესებით, ისე ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, ვფიქრობთ, 2 წლის შემდეგ, რუსთავში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ეკოლოგიური მდგომარეობა გვექნება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მის განცხადებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.