თბილისი-საგარეჯოს ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა იწყება

კახეთის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა იწყება.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, რომელიც მოძრაობის ინტენსივობით გამოირჩევა, 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 35.2 კმ-იანი გზა აშენდება.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის პროექტირებაზე, რომელიც მსოფლიო ბანკმა დააფინანსა, ავსტრიელი და ამერიკული მაღალკვალიფიციური კომპანიები მუშაობდნენ.

საზედამხედველო სამუშაოებისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერების გამოცხადება, მიმდინარე წლის ნოემბერში და დეკემბერშია დაგეგმილი.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო კორიდორის ნაწილია.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა, არსებული გზა კი ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ მონაკვეთზე გადაადგილების დროს.