„ნამახვანიჰესის პროექტი ერთ-ერთი კარგი მაგალითია, როდესაც ასეთი მსხვილი დიდი სამშენებლო პროექტი მთავრობის ჩართულობით შეიძლება ხორციელდებოდეს ისე, რომ ნაკლები ზიანი მიაყენოს ბუნებას და ადგილობრივი მოსახლეობაც იყოს მაქსიმალურად კმაყოფილი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნამახვანი ჰესის პროექტის მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.
მინისტრის განცხადებით, ნამახვანი ჰესის პროექტი ენერგეტიკაში საუკუნის პროექტია.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მსხვილი ჰიდროსადგური დადგმული სიმძლავრით 430 მგვტ; მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 800 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც თურქული კომპანია „ენკა“ ახორციელებს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაში შეტანილი ძალიან დიდი წვლილი, რადგან მშენებლობის დასრულების შემდეგ საკუთარი გენერაციით ჩვენი მოხმარების თითქმის 12 პროცენტი იქნება უზრუნველყოფილი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს არის დიდი დასაქმება და კეთილდღეობა, რაც ამ პროექტს მოაქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის,“ - აღნიშნა მინისტრმა.
პროექტში ამ დროისთვის 370-მდე ადამიანია ჩართული. ჯამში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქე იქნება დასაქმებული.
ნათია თურნავას განცხადებით, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მსხვილი ინვესტიციის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხორციელდება საკმაოდ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფონზე, რაც გამოიჩინა ინვესტორმა საუკეთესო გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვით.
მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება სოციალურ პროექტებზე, რომელთაც ინვესტორი კომპანია მშენებლობის არეალის დასახლებებში ახორციელებს.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.