კახა კალაძე - 126 ერთეული BMC-ის მარკის ავტობუსი შევიძინეთ, გარდა ამისა, 200 მიკროავტობუსი ჩამოსულია და 100 უნდა დაემატოს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 126 ერთეული ახალი ავტობუსი შეიძინეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გარდა ამისა, 200 ერთეული ახალი მიკროავტობუსი არის თბილისში ჩამოსული, რომელსაც 100 ერთეულიც დაემატა.

"დღეს საზოგადოებას ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში წარვუდგინეთ ახალი ავტობუსები, 126 ერთეული 12- მეტრიანი BMC-ის მარკის ავტობუსი შევიძინეთ. გარდა ამისა, 200 ერთეული მიკროავტობუსი არის ჩამოსული და 100 ერთეული უნდა დაემატოს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ რეფორმის ფარგლებში მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. ყვითელი ავტობუსები, რომელზეც ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, მგზავრებისთვის პრობლემას წარმოადგენს, ასევე ქალაქისთვის ეკოლოგიური და ვიზუალური თვალსაზრისით, ამიტომაც ხდება განახლება. ჩვენ ასევე შესყიდული გვყავს 100 ერთეული BMC-ის ავტობუსი, რომელიც უნდა ჩამოვიდეს. ამით შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად დავასრულებთ ჩანაცვლების პროცესს.

მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს 18- მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვა. ჩვენს ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე მიწესრიგებული, კომფორტული და ყველაზე სწრაფად შესაძლებელი იქნება ქალაქში გადაადგილება",-განაცხადა კალაძემ.