200 000-მა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, რომელიც დასაქმებული იყო ძირითადად ტურისტულ სექტორში - თამთა შამათავა

COVID-19-ის გამო, გაზაფხულსა და ზაფხულში დაწესებულმა შეზღუდვებმა, მათ შორის საერთაშორისო ფრენების შეჩერებამ, ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები შექმნა.

ბიზნესი, რომელიც ტურისტებისგან მიღებულ შემოსავალზე სრულად იყო დამოკიდებული, კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და საზღვრების გახსნას იმედით ელოდება. კონკრეტულად, რა ზიანი მიადგა ტურისტულ სექტორს და როგორ და რა ვადებშია მისი აღდგენა შესაძლებელი, ამის შესახებ ტურიზმის სპეციალისტს თამთა შამათავას ვესაუბრეთ:

ამჟამად როგორია ტურიზმის სექტორის მდგომარეობა საქართველოში? რა შედეგების წინაშე აღმოვჩნდით?

საზღვრების ჩაკეტვის გამო, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ტურისტული სექტორი დაზარალდა, რომელიც ფაქტობრივად ქართული ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო. დაკეტილმა საზღვრებმა განაპირობა ის, რომ დღემდე იხურება მაღაზიები, კვების ობიექტები, სასტუმროები, რომლის უკან დგანან ოჯახები. ოფიციალურად 200 000-მა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, რომელიც დასაქმებული იყო ძირითადად ტურისტულ სექტორში. ეს ადამიანები არ იყვნენ მხოლოდ სასტუმროებსა და კვების ობიექტებში დასაქმებულები. პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ სამრეცხაოები, რომლებიც ემსახურებოდნენ სასტუმროებს, გიდები, ტუროპერატორები, მძღოლები და ა.შ.

დღეს, ჩვენ ეკონომიკის კუთხით გვაქვს ძალიან საგანგაშო მაჩვენებელი. მათ შორის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებითაც პროგნოზები ძალიან სავალალოა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი და გიორგი ვაშაძე ჯერ კიდევ აპრილიდან სთავაზობდა ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის გეგმას, მათ შორის საზღვრის გახსნის კუთხით. ჩვენ ვაცხადებდით, რომ მნიშვნელოვანი იყო, COVID უსაფრთხოების დაცვით, COVID პასპორტების დანერგვით (ისე, როგორც ეს ევროპაშია) საზღვრები გახსნილიყო ტურისტებისთვის, რადგან უამრავი ადამიანი შიმშილის წინაშე აღმოჩნდა. საბოლოოდ, დაკეტილი საზღვრების პირობებში, ეპიდსიტუაციის კონტროლიც გაექცათ და ეკონომიკაც ჩამოინგრა.

sareklamoo-1603451216.jpg

ხელისუფლებამ დააანონსა, რომ საზღვრები გაიხსნებოდა პირველ აგვისტოს, შემდეგ პირველ სექტემბერს, პირველ ოქტომბერს, ახლა ამბობენ, რომ პირველ ნოემბერს აღდგება ფრენები, თუმცა ვფიქრობ, ახლანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, საზღვრები დაგეგმილ ვადებში ისევ არ გაიხსნას.

როგორ ფიქრობთ, რა დრო დასჭირდება ტურისტულ სექტორს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად?

ამ ხელისუფლების პირობებში კიდევ ძალიან დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ საბედნიეროდ ახლოს არის არჩევნები და საზოგადოებრივი აზრი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს ხელისუფლება წავა და ჩვენი - „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდისა და ოპოზიციური სპექტრის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ჩვენ მყისიერად დავიწყებთ იმ ინიციატივების აღსრულებას, რაზეც ჯერ კიდევ აპრილიდან ვსაუბრობდით. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ საზღვრების გახსნიდან რამდენიმე კვირაში სასწაული მოხდება.

მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დასჭირდება ერთი წელი, მაგრამ ყველა ის მიმართულება და პროექტი, რაც ჩვენ ტურიზმის მიმართულებით გვაქვს გაწერილი, 5 წელიწადში მოგვცემს კონკრეტულ შედეგს - ჩვენ 20 მილიონ ტურისტს ვუმასპინძლებთ. ეს არ არის ილუზია, ეს არის კარგად გათვლილი და გამოანგარიშებული გეგმა. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვაზე, რაც შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სერვისის შექმნით აბსოლუტურად შესაძლებელია.

გარდა სამთო და საზღვაო ტურიზმისა, კიდევ რა მიმართულებით აქვს საქართველოს პოტენციალი? შეიძლება, ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა ტურიზმი გახდეს?

ჩვენ გვაქვს სულ მცირე 50 ადგილი, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს და რომელიც უდიდესი პოტენციალის მატარებელია. 5 წელიწადში ჩვენ გვექნება დაახლოებით 100 500 სამუშაო ადგილი იმის ხარჯზე, რომ გამოვიყენებთ სარეაბილიტაციო, გამაჯანსაღებელი ტურიზმის პოტენციალს.

უკვე არსებულ ტურისტულ მარშრუტებს შეგვიძლია დავამატოთ 1000 ახალი მიმართულება. ტურიზმის სააგენტოს სტატისტიკას თუ გადავხედავთ, არსებობს რამდენიმე ტოპ მიმართულება, რომელიც წლიდან წლამდე არ იცვლება: თბილისი, ბათუმი, ყაზბეგი, გუდაური, მცხეთა. ამ ტერიტორიებს არ სცდებიან ტურისტები, მაშინ როცა აჭარის მაღალმთიან ნაწილში, იმერეთსა და ყველა რეგიონში გვაქვს ძალიან საინტერესო მიმართულებები. ჩვენი ერთ-ერთი ინიციატივაა, ამ თავკომბალების მოსაშლელად ახალი რეფორმები დავიწყოთ. გვაქვს ინიციატივა, რაიონებში გაიხსნას 100 ბრენდული სასტუმრო კომპლექსი და 3000-მდე გესთჰაუსი. ფინანსური და ეკონომიკური სარგებელი, რაც ტურიზმიდან მოდის, უნდა ჩავიტანოთ თითოეულ ოჯახამდე. ასევე, ჩვენი ამბიციაა, რომ საქართველო გახდეს ოთხი სეზონის ქვეყანა, რომელიც ოთხ საერთაშორისო მასშტაბურ ფესტივალს უმასპინძლებს და მთელი მსოფლიოდან მიიღებს ტურისტებს.

რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა მხოლოდ ეს ვერ გახდება მამოძრავებელი ძალა. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების განვითარება, რადგან დღეს ვართ 80%-ით იმპორტდამოკიდებული და ეკონომიკაში გვაქვს ორპირი ქარის ეფექტი, რაც მიღებული შემოსავლის თითქმის სრულად გადინებას უწყობს ხელს.

როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა სახელმწიფოს აღნიშნული პროექტების განხორციელების ფინანსური რესურსი?

ჩვენ ეს გეგმა 5 წელიწადზე გვაქვს გაწერილი. რაც შეეხება თანხას, რომელიც ამისთვის უნდა დაიხარჯოს, აქ საუბარია ძირითადად, უცხოურ ინვეტიციებზე, რომელიც კარგმა ხელისუფლებამ უნდა მოიზიდოს, თუმცა „ქართული ოცნება“ დღეს ამით არ არის დაკავებული.

ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ახლაც გვაქვს მოლაპარაკებები წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან, რომელთა გამოცდილების საფუძველზეც, სპეციალისტებთან ერთად ჩვენი პროექტები შევიმუშავეთ.მაგალითად აგროტურიზმის მიმართულებით, გვაქვს აგროკლასტერის 2 პროექტი, რომელიც საქართველოში უნდა განვახორციელოთ. ამ მიმართულებით მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ნიდერლანდების ხელისუფლებასთან, კერძოდ, როტერდამის წარმომადგენლობასთან.

რაც შეეხება ტურისტებისგან შემოსულ თანხას, ჩვენი პროექტების განხორციელების შემდეგ, 20 მილიონი ტურისტის შემთხვევაში, შემოსავალი 5-6 მილიარდი დოლარი იქნება.