მიუხედავად იმისა, რომ ქართული კივისთვის ევროკავშირის ბაზარი ღიაა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ექსპორტი მაინც არ ხორციელდება. ევროპული სერთიფიკატის მფლობელი ,,ნერგეტას“ ხელმძღვანელი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ მიზეზი, გასაღების სხვა ბაზრებზე არსებული უფრო მაღალი ფასია.
კოტე ვეკუას თქმით, იაპონიაში კივის ფასი ბევრად მეტია და შესაბამისად, ევროკავშირში ექსპორტს კომპანია მომავალ სეზონზეც არ გეგმავს.
,,ევროკავშირის ბაზარზე ვყიდდით კივს რამდენიმე წლის განმავლობაში, თუმცა იაპონიაში ბევრად უფრო ძვირად ხდება რეალიზაცია და ამიტომაც, ეს ბაზარი ავირჩიეთ. მიუხედავად იმისა, რომ უფრო შორია იაპონია, თან ბაზარი არაა დიდი, როგორც ევროკავშირის, ჩვენ მაინც იაპონია ვარჩიეთ, რადგან მაინც არ გვაქვს იმდენი მოსავალი, რომ რომელიმე სრულად ავითვისოთ. ამ ეტაპზე კვლავ იაპონიას ვანიჭებთ უპირატესობას ფასის გამო. ჩვენ ისედაც გვაქვს სერთიფიკატი, რომლითაც შეგვიძლია გავყიდოთ პროდუქცია ევროკავშირში, მაგრამ არ შეიძლება რელიგიური ფანატიზმის დონეზე დავიდეს საბაზრო ეკონომიკა და იდეაფიქსი იყოს ევროპის ბაზარი. სადაც უკეთესი ფასია, იქ გაგვაქვს პროდუქცია.
მოსავალი ჯერ არ აგვიღია და გვაქვს ასეთი ცრურწმენა, რომ დაბინავებამდე პროგნოზებზე არასოდეს ვსაუბრობთ, ამიტომ ვერ ვიტყვი, რა მოსავალს ველოდებით. თუმცა დანამდვილებით შემიძლია თქმა, რომ გასაღების ბაზარი, წელსაც იაპონია იქნება და არა, ევროკავშირი“- განაცხადა კოტე ვეკუამ.
აღსანიშნავია, რომ ქართული კივი ევროკავშირის ბაზარზე ბოლოს, 2018 წელს გაიყიდა, საბერძნეთში 41.6 ტონა. 2019 წელს კი საქართველოდან 167.8 ტონა კივის ექსპორტი განხორციელდა. გასაღების ბაზრები კი სომხეთი, იაპონია და ყატარი იყო.