საქართველოს ფქვილის ბაზარზე ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან, ეს კი კონკურენციის პრინციპს არღვევს. ამის შესახებ ფქვილის იმპორტიორი კომპანიის „მარდის“ დირექტორმა ნუგზარ ღონიაშვილმა განაცხადა. როგორც იმპორტიორმა “ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, მთავარი პრობლემა მაინც ორმაგი სტანდარტია, რომელიც ბაზარზე დამკვიდრდა.
,,საბუთების ჩამონათვალი, რასაც დღეს სახელმწიფო იმპორტიორებისაგან ითხოვს, პრობლემას არ წარმოადგენს და სრულად ადეკვატურია. ყველა სერიოზულ კომპანიას აქვს რესურსი მოთხოვნის შესაბამისად წარადგინოს დოკუმენტები, თუ რა ხარისხის ფქვილი შემოაქვს. ჩვენ, ვართ დაინტერესებული ფქვილის ხარისხით, რომლის იმპორტირებსაც ვახდენთ და შესაბამისად, შემოგვაქვს ქარხნებიდან, რომელსაც არავითარი პრობლემა ამ კუთხით არ აქვთ. მეტიც, მათ აქვთ საკუთარი ლაბორატორიებიც, სადაც ხარისხის კონტროლი უმაღლეს დონეზე ხდება. ასე რომ, ბიუროკრატიული მოთხოვნები, ჩვენ ხელს არ გვიშლის ბიზნესის წარმოებაში.
პრობლემა სულ სხვა რამაა. მოთხოვნები, რომელიც წაყენებულია იმპორტის რეჟიმში და არ ეხებათ ადგილობრივ მწარმოებლებს, რომელთაც ხორბალი შეამოაქვთ და ადგილზე გადაამუშავებენ. ასეა მიღებული ტექნიკური რეგლამენტიც, რომ საქართველოში ნაწარმოები ფქვილის მიმართ ეს მოთხოვნები არ არის. რატომ არის მიღებული ორმაგი სტანდარტი, არ მესმის. მე, მივესალმები და თანახმა ვარ, რომ ბაზარზე იყოს მაღალი ხარისხი და სტანდარტები, მაგრამ ყველასათვის ერთნაირად.
იმპორტირებული ფქვილის მოცულობა, საქართველოში 10%-ს არ აღემატება. ძირითადად, ხდება ხორბლის იმპორტი და წისქვილკომბინატები ადგილზე ახდენენ გადამუშავებას. ჩვენ კი, ჩვენი მცირე წილით ფასების ოპტიმიზაციაში მნიშვნელოვანი როლი გვაქვს და ამიტომ, პირობები ყველასათვის თანაბარი უნდა იყოს. არავინ ამოწმებს, რამდენი აქვს ადგილზე წარმოებულ ფქვილს წებოგავარა, სინესტე და ა.შ. მათ მიმართ მოთხოვნა ნულის ტოლია, მაშინ როცა ჩვენ, ყველა ეს საბუთი წესრიგში უნდა გვქონდეს, სხვანაირად პროდუქტის შემოტანას ვერ შევძლებთ“-აცხადებს ნუგზარ ღონიაშვილი.
იმპორტიორი, დროში გაწელილ პროცედურებსაც პრობლემად მიიჩნევს.
,,ბოლო დროს კიდევ შეიქმნა ერთი პრობლემა. შემოსული პროდუქციის ნიმუში, რატომღაც ბათუმში გაგზავნეს შესამოწმებლად, მაშინ როცა თბილისშიც არაერთი აკრედიტებული ლაბორატორიაა. ბათუმში გაგზავნა-გამოგზავნა დროსთანაა დაკავშირებული, 1 დღე მანქანის მოცდენა კი 100 დოლარი ღირს“- ამბობს, ფქვილის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.