კარტოფილის მოსავლის აღება სამცხე-ჯავახეთში აქტიურ ფაზაშია. სწორედ აღნიშული რეგიონია ცნობილი კარტოფილის მეურნეობით, რომელიც ზამთრის სეზონზე ადგილობრივ ბაზარს პროდუქტით ამარაგებს. ფერმერების თქმით, წელს შარშანდელთან შედარებით მოსავალი დიდია, ფასები კი საკმაოდ დაბალი.
ამ დროისთვის, კარტოფილის საბითუმო ფასი სამცხე-ჯავახეთში 45 თეთრიდან 55 თეთრამდე მერყეობს, რაც ფერმერების შეფასებით, 10 თეთრით ნაკლებია გასული წლის ფასთან შედარებით. როგორც ფერმერები EastFruit-თან საუბრისას აღნიშნავენ, ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო, ხარჯები გაიზარდა, რადგან კარტოფილის სათესლე მასალა, ისევე როგორც კარტოფილის მოვლის საშუალებები, საქართველოში იმპორტირებულია.
თეიმურაზ ხმალაძე წელს 7,5 ჰექტარ მიწის ნაკვეთიდან დაახლოებით, 300 ტონა კარტოფილის მოსავალს ელოდება. ფერმერის დაკვირვებით, მოსახლეობა იყენებს 5-6 თესლის სახეობას, რაც უკვე არაპროდუქტიულია და ის განახლებას საჭიროებს.
ახალქალაქის კარტოფილის ასოციაციის დირექტორის, მახარე მაცუკატოვისთვის, წელს კარტოფილის დაბალი ფასები გასაკვირი არ ყოფილა. მისი თქმით, წელს სამცხე-ჯავახეთში, პანდემიასთან დაკავშირებული საგანგაშო მოლოდინის გამო, გაცილებით მეტი პროდუქტი დაითესა, ვიდრე გასულ წელს. როგორც მახარე მაცუკატოვი აღნიშნავს, ამას ხელი შეუწყო ასევე, გაზაფხულზე კარტოფილის მაღალმა ფასებმა, რამაც გლეხებს საფუძველი მისცა მომავალ სეზონშიც ანალოგიური ტენდენციის მოლოდინი ჰქონოდათ. მაცუკატოვის თქმით, ამ დროისთვის არსებულ დაბალ ფასს, უპირველეს ყოვლისა, მიწოდების სიჭარბე განაპირობებს. გარდა ამისა, ფერმერებს არ აქვთ საკმარისი შემნახველი მეურნეობები, რის გამოც ბევრი უძულეულია საკუთარი მოსავალი ნაკვეთდანვე გაყიდოს, რადგან ზამთარში კარტოფილის შენახვის ადგილი აღარ ექნება.
ახალქალაქის კარტოფილის ასოციაციის დირექტორი თვლის, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს მეტი ინფორმაცია სჭირდებათ სათესლე მასალის შესახებ. კერძოდ, მისი თქმით, ფერმერები ხშირად პატარა კარტოფილს აყალიბებენ სათესლე მასალად, რაც არასწორია, ვინაიდან სათესლე მასალის გამოყვანა განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს.
მახარე მაცუკატოვი ინფორმაციით, საქართველოში უკვე გამოყვანილია ახალი სახეობა „მესხური წითელი“, რომელმაც კარგი შედეგები აჩვენა. ამ დროისთვის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი აღნიშულ სახობაზე სერთიფიცირების პროცესს ახორციელებს. სათესლე მასალის სერტიფიკატის მიღების შემდეგ კი, ხარისხის სერთიფიკატიც გაიცემა, რომელიც მწარმოებელს საშუალებას მისცემს გაყიდოს მასალა არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ საზღვარგარეთაც.
ახალქალაქის კარტოფილის ასოციაციის დირექტორის ინფორმაციით, მომავალ წელს "მესხურის წითელის" სათესლე მასალა მთელ რიგ ფერმერებს მცირე ფართობებზე მოსაშენებლად გადაეცემა. სამომავლოდ კი სათესლე კარტოფილის მწარმოებლების გაერთიანება კოოპერატივშიც იგეგმება.
მაცუკატოვი ასევე იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში გაიზრდება ფერმერების ინტერესი შინაური თესლის მიმართ. შედეგად, იმპორტირებული თესლის შესაძენად გამოყოფილი სახსრები დარჩება ქვეყანაში და ადგილობრივ წარმოებას მოხმარდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით , საქართველოში წარმოებული კარტოფილის 60% სამცხე-ჯავახეტის რეგიონზე მოდის. ამასთან, ძირითადად, არათესლიანი კარტოფილის იმპორტირებულია თურქეთიდან, ხოლო სათესლე კარტოფილის გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან.