წყალტუბოს გააჩნია ყველა წინაპირობა, რომ დაიკავოს წამყვანი ადგილი საქართველოს ტურისტული დანიშნულების ადგილებს შორის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო ხედვის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესოდენ მასშტაბური პროექტის განხორციელება მოხდეს თანმიმდევრულად, და გეგმაზომიერად, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ყველანაირი შეცდომა. მისივე თქმით, ამ პროცესში დიდი როლი აქვს საჯაროობას, როგორც ბიზნესის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობასთან მიმართებაში.
„ეს პროცესი გაგრძელდება და მისი ყველა ეტაპი იქნება გამჭვირვალე. ყველა ეტაპზე იქნება ჩართული როგორც ბიზნესი, ასევე მოსახლეობა, რომელიც საბოლოო ჯამში ყველა იმ სიკეთის და ეკონომიკური დოვლათის ბენეფიციარია, რომელსაც მოიტანს რეაბილიტირებული წყალტუბო საქართველოსთვის,”- აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ტურიზმის განვითარება და აღდგენა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პოსტ-კოვიდის პერიოდში. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია ტურიზმის არა მხოლოდ რაოდენობრივი აღდგენა, არამედ ხარისხობრივი გაუმჯობესება, რაც გულისხმობს ახალი სერვისების შეთავაზებას და უფრო მაღალ-მხარჯველიანი ტურისტების მოზიდვას საქართველოში.
ირაკლი ნადარეიშვილის კომენტარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.