პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი 65 ათასი ლარით დაჯარიმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ფოთის საქალაქო სასამართლომ გემის კაპიტანს 65 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

„პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა ნავთობშემცველი წყლებით დააბინძურა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 582 მუხლის მე-7 ნაწილით ერთობლივად შეადგინეს. ფოთის საქალაქო სასამართლომ გემის კაპიტანს 65 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.