პანდემიელი პლუტოკრატები - როგორ ქმნის COVID-19 ახალ ფინტექ მილიარდერებს

როდესაც სახელმწიფო ვითარდება, სისტემას ფინანსური მენეჯმენტის დასანერგად გარკვეული ჯგუფი სჭირდება. პლუტოკრატია გულისხმობს ხალხს, ვინც ფინანსური რესურსით დომინირებს, მათ ასევე გააჩნიათ პოლიტიკური ძალა.

კონცეფცია მომდინარეობს ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, სიმდიდრის ღმერთის პლუტონისგან. სწორედ ის იყო დომინანტი გადაწყვეტილების მიღებაში.

დღეს მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოწვეული პანდემიის ფონზე სწორედ ასეთი პლუტოკრატები გამოიკვეთნენ. ფინტექ ტექნოლოგიების დამნერგავებმა პირველი მილიარდებიც გამოიმუშავეს.

ვინ არიან ისინი?

2015 წელს ნიკ მოლნარი მშობლებთან ერთად ავსტრალიაში, სიდნეიში ცხოვრობდა. 25 წლის ფეხბურთელს საბავშვო საძინებელში სამუშაო მაგიდაზე ერთადერთი კომპიუტერი ედგა, რომლის მეშვებოით ინტერნეტ ვაჭრობა წამოიწყო. 250-დოლარიანი Seiko-ს საათებიდან დაწყებული 10,000-დოლარიანი ნიშნობის ბეჭდებით დამთავრებული, თითქმის ყველაფერს ჰყიდდა. ნიკი იმდენად წარმატებული გახდა ონლაინ მარკეტინგში, რომ ძალიან მალე ავსტრალიაში eBay- ზე, ძვირფასეულობის საუკეთესო გამყიდველის სტატუსი მოიპოვა. დღეში ათასობით შეკვეთას აგზავნიდა.

იმავე წელს, ახალბედა ონლაინ მოვაჭრე 19 წლით უფროს ყოფილ ინვესტიციურ ბანკირს ენტონი ეიზენს შეუერთდა. პარტნიორებმა ონლაინ სერვისი Afterpay დააფუძნეს, რომელიც აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და კანადის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს უპროცენტოდ გადაიხადონ გასაყიდ ნივთებში (როგორიცაა ფეხსაცმელი და მაისურები) ექვსი კვირაზე გადანაწილებული საფასური.

”მე ძლიერ ფინანსურ კრიზისში გავიზარდე და ვხედავდი, რომ საკრედიტო მიმართულებით ბევრი რამ იყო შესაცვლელი. საკრედიტო ბარათების არარსებობა ან მათი კრედიტით სარგებლობის შემთხვევაში დარიცხული მაღალი საპროცენტო განაკვეთი, სესხის აღების შიშს იწვევდა“- ამბობს 30 წლის მოლნარი.

მოლნარის თაობამ Afterpay-ს პირობები მოიწონა და სწრაფად აითვისა. ხუთი წლის შემდეგ, მოლნარი და ეიზენი, რომლებიც კომპანიის დაახლოებით 14% ფლობენ, მილიარდერები სწორედ პანდემიის დროს გახდნენ.

მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაწყებისთანავე Afterpay- ის აქციები, რომელიც საზოგადოებაში 2016 წელს გამოვიდა, თითქმის ათჯერ გაიზარდა. მეორე კვარტალში კომპანიამ 3.8 მილიარდი დოლარის ოდენობის ოპერაციები განახორციელა, რამაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოგება 127% -ით გაზარდა. მარტში საფონდო ბირჟაზე Afterpay- ის აქციები თითქმის გაორმაგდა.

ბრძოლა პანდემიის პირობებში

პანდემიის დროს, forbes-ის მილიარდერთა სიაში მინიმუმ ხუთი ფინანსური ტექნიკის მეწარმე მოხვდა. მათ შორისაა ციფრული ბანკის Chime- ის დამფუძნებელი კრის ბრიტი და ”უფასო” საფონდო სავაჭრო პროგრამის Robinhood თანა-აღმასრულებელი დირექტორები ვლად ტენევი და ბაიჯუ ბჰატი. მილიარდი გამოიმუშავეს კიდევ რამდენიმე ფინტექ კომპანიის დამფუძნებლებმა.

ბევრია ისეთი, რომლებიც მილიარდერთა სტატუსთან ძალიან ახლოს დგანან. თუმცა, როგორც სხვა სექტორებში, კოვიდის რეცესიამ გამარჯვებულებთან ერთად დამარცხებულებიც შექმნა.

მაგალითად, LendingClub- მა, კრიზისის გამო პერსონალის 30% სამსახურიდან დაითხოვა და აქციების ნაწილი გაყიდა.

"პრეპანდემიის პირობებში მომხმარებელთათვის ფინტექ მომსახურების გაწევა ორმაგად მნიშვნელოვანი გახდა“- ამბობს ფინტეკის ინვესტიციების ხელმძღვანელი Felicis Ventures- ში ვიქტორია ტრეიგერი.

Covid– მა ფინანსური ტექნიკის რამდენიმე სპეციფიური ტიპის განვითარება დაჩქარებულად გამოიწვია, რადგა არსებული რეალობა ბევრი საკითხის დახვეწას მოითხოვდა. მომხმარებელმა ონლაინ შესყიდვისა და მიწოდების სერვისებზე ხარჯები გააორმაგა.

სპეციალიზირებული გადასახადების გადამამუშავებელი კომპანიის Marqeta-ს ღირებულება, რომლის კლიენტებიც არიან Instacart, DoorDash და Postmates, 2019 წლის მარტთან შედარებით გაათმაგდა. იგი დღეს 8 მილიარდი დოლარი ღირს.

ლიდერები

Covid პანდემიის ფონზე, 2020 წლის მეორე კვარტალში მომხმარებლებმა მოგზაურობაზე, რესტორნებსა და ფუფუნების საგნებზე ხარჯები შეამცირეს. ამ კვარტლის განმავლობაში Visa– ს საკრედიტო ბარათის ტრანზაქციების მოცულობა წინა წელთან შედარებით, 24% –ით შემცირდა. ხოლო სადებეტო ბარათებით ტრანზაქციები 10% –ით გაიზარდა.

სადებეტო ბარათები (ჩეკებისა და საკრედიტო ბარათებისგან განსხვავებით) არის სახარჯო ბარათი, რომელსაც ყველაზე ხშირად გვთავაზობს ფინტექ “neobank“-ები როგორიცაა SoFi, Dave და MoneyLion.

სწორედ პანდემიის პერიოდი გამოიყენა სან – ფრანცისკოში დაფუძნებულმა ციფრულმა ბანკმა Chime– მა თავის სასარგებლოდ. აპრილის შუა რიცხვებში, დაახლოებით ერთი კვირით ადრე, სანამ აშშ-ის მთავრობა თითოეულ მომხმარებელს 1200-დოლარიან დახმარებას გაუწევდა, ბანკმა მომხმარებლებს აღიშნული ოდენობის თანხა წინასწარ მისცა, საბოლოოდ კი მთავრობის მიერ, უკან დაბრუნებულმა სესხმა, მცირე პროცენტებით 1,5 მილიარდს გადააჭარბა. დღეს, Chime- ის წლიური შემოსავალი 600 მილიონი დოლარია.

თუ ვისაუბრებთ გამორჩეულ fintech სეგმენტზე, რომელიც პანდემიის გამარჯვებული გახდა, ეს არის ბიზნესი Afterpay: ონლაინ გაყიდვის განვადების დაფინანსება. ის მომხმარებლებს ონლაინ გადახდის შემთხვევაში ახალი საკრედიტო ბარათით სესხის აღებას სთავაზობს.

მიუხედავად იმისა, რომ Afterpay– ის დამფუძებლებმა ნიკ მოლნარმა და ენტონი აიზენმა მილიარდერის სტატუსი ივლისში მიიღეს, მათ ბევრი კომპანია საკმაოდ ძლიერ კონკურენციას უწევს.

მაგალითია 2005 წელს სტოკჰოლმში დაარსებული “კლარნა“, რომელიც აშშ – ს ბაზარზე 2016 წელს შევიდა. სამი დამფუძნებელიდან ორი- სებასტიან სემიატიკოვსკი და ნიკოლას ადალბერტი ერთმანეთს შვედეთში, “ბურგერ კინგთან“ რიგში დგომის დროს შეხვდნენ.

“კლარნა“ საცალო ვაჭრობისას თითოეული ტრანსაქციის 3% -დან 4% -მდე იღებს, რაც სხვა კომპანიებთან შედარებით ოდნავ დაბალია. (სხვა კომპაიები 4% -დან 5% -მდე იღებენ). აქედან გამომდინარე “კლარნა“ ფინანსური მომსახურების სფეროში სრულფასოვან ბიზნესად ყალიბდება.

იგი 2017 წელს შვედეთში ლიცენზირებული ბანკი გახდა, დღეს მომხმარებლებს გრძელვადიან დაფინანსებას სთავაზობს. 2020 წლის პირველი ნახევრის ბოლოს “კლარნას“ აშშ – ის მომხმარებელთა ბაზამ 9 მილიონს მიაღწია, რაც 550% -ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გლობალური მონაცემებით, ყოველდღიურად 55,000 მომხმარებელი ტვირთავს მოწყობილობაში “კლარნას“ აპლიკაციას. კლარნა ახლა 19 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, მას 90 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და წელს 1 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალის მოლოდინშია. კომპანიის დამფუძნებელს ვიქტორ იაკობსონს 10% -იანი წილი აქვს, ხოლო სემიატიკოვსკის 8%.

განვადებით გადახდის ბიზნესში კიდევ ერთი გამარჯვებული კომპანიაა “სილიკონ ველის“ დაფუძნებული Affirm. 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის ივლისამდე, Affirm– ის მომხმარებელთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 5.6 მილიონამდე გახდა. მან გასულ კვირას 500 მილიონი დოლარი მოაგროვა.

ფინტეკური კომპანიების ამჟამინდელი მაღალი შეფასება დამოკიდებულია სამომხმარებლო ხარჯების შენარჩუნებაზე და მომხმარებლებზე.

თეონა რამაზაშვილი