ბოიან სლათი ჰოლანდიელი ახალგაზრდაა, რომელსაც უკვე წლებია მიზნად მსოფლიო ოკეანის პლასტიკური ნარჩენებისგან გაწმენდა აქვს.
მისი თქმით, დღესდღეობით ოკეანეებში საერთო ჯამში 14 მილიონი მეტრული ტონა პოლიეთილენის პარკი, ბოთლი თუ სხვა ნარჩენია, რომლებიც ასწლეულები არ იხრწნება და მათი რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდება.
ამ პრობლემის გადასაჭრელად ბოიანმა რამდენიმე წლის წინ ორგანიზაცია The Ocean Cleanup დააარსა და საკმაოდ ამბიციური იდეის შესრულება განიზრახა - მას თანამოაზრეებთან ერთად სურს ოკეანე პლასტიკური ნარჩენებისგან სრულიად გაწმინდოს.
ის აცხადებს, რომ დღესდღეობით ამ მხრივ ყველაზე დაბინძურებული ადგილი წყნარი ოკეანეა, სადაც დინების გამო ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ნარჩენი გროვდება.
The Ocean Cleanup-მა კვლევების შედეგად დაადგინა, რომ ოკეანეების დაბინძურება თითქმის სრულიად მდინარეების მეშვეობით ხდება, რადგან რეგიონის მოსახლეობა ნარჩენებს ხშირად მდინარეში ყრის. მათი თქმით, მსოფლიო ოკეანის დაბინძურებაში ძირითადად 10 უდიდესი მდინარეა „დამნაშავე“ საიდანაც ოკეანეში პლასტიკური ნარჩენების 90% ხვდება.
ამიტომ მათ გადაწყვიტეს ნარჩენების ნაკადები ოკეანეში მოხვედრამდე მდინარეებშივე შეეგროვებინათ.
ორგანიზაციამ ე.წ. ნარჩენების შემგროვებელი ნავები შექმნა, რომლებიც მდინარეებში თავსდება და პლასტიკურ მასას 24 საათის განმავლობაში აგროვებს. ასეთი ნავები მათ ინდონეზიისა და მალაიზიის დიდ მდინარეებში განათავსეს და მას შემდეგ უკვე ათასობით ტონა ნარჩენი შეაგროვეს.
„თუ ნარჩენები მდინარეების გავლით ოკეანეში არ მოხვდება, ჩვენ ამ ჯაჭვის გარღვევას შევძლებთ და მსოფლიო ოკეანე სულ უფრო ნაკლებად დაბინძურდება ნარჩენებით. ყოველდღიურად ჩვენ ტონობით პლასტიკურ ნარჩენს ვიღებთ მდინარეებიდან. ჩვენი მიზანია მსგავსი ნავები მსოფლიოს მასშტაბით ყველა დიდ მდინარეში განვათავსოთ და ოკეანის დაბინძურება თუნდაც ნაწილობრივ შევამციროთ. ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება“- აცხადებს ბოიან სლათი.