„ბანკებს ყველგან ესხმიან თავს, ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი, მაგრამ იქ შეცდომებზე მაინც სწავლობენ“, - ამის შესახებ „კვირის პალიტრას“ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციების, ფასეულობის დაცვისა და სპეცგადაზიდვის სამმართველოს ყოფილმა მთავარმა ექსპერტმა მამუკა ხუციშვილმა განუცხადა.
"სამოქალაქო ომიც გადავიტანეთ, შეიარაღებული ფორმირებების თარეშიც, მაგრამ საბანკო სექტორს, არც ეროვნულ ბანკსა და არც კომერციულ ბანკებს არავინ შეხებია. მე თვითონ ჩამოვიტანე 25 წლის წინ საქართველოში სპეცრეისით ლარის პირველი ბანკნოტები 1,3 მილიარდის ოდენობით და ერთი თეთრიც არ დაკარგულა. მე, როგორც ექსპერტს, ზუგდიდში ბანკზე თავდასხმის ინფორმაციის გახმაურებისთანავე ერთი კითხვა დამებადა: რატომ არ არსებობდა ბანკში უსაფრთხოების დაზღვევის მექანიზმები და თუ არსებობდა, რატომ არ იმუშავა არც ერთმა? წესით, ასეთ ობიექტში ყველაფერი სკრუპულოზურად უნდა იყოს გათვლილი, დაწყებული იმით, განგაშის ღილაკზე დაჭერიდან რამდენ წამში მივა დაცვის პოლიცია და დამთავრებული იმით, უნდა ჰქონდეს თუ არა ბანკის დაცვის თანამშრომელს ცეცხლსასროლი იარაღი.
მახსოვს, ინგლისის ცენტრალურ ბანკში გავოცდი, როცა ვერსად შევნიშნე უნიფორმაში ჩაცმული დაცვის თანამშრომლები, სანამ არ მიმითითეს, რომ ჩვენ გარშემო მოძრავი რამდენიმე კლასიკურ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა სინამდვილეში კბილებამდე შეიარაღებული და კარგად გაწვრთნილი უსაფრთხოების თანამშრომელი იყო.
საბანკო სექტორი ვითარდება, ქვეყანაში ფულის მასა იზრდება და მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს უსაფრთხოების სისტემების სრულყოფა, თანამედროვე სტანდარტებსა და საჭიროებებზე მორგება. ვიცით შემთხვევები, როცა ბანკის ერთი ფილიალი თვეში ხუთჯერ დააყაჩაღეს. ასე როცა ხდება, ხომ უნდა დასხდნენ, გააანალიზონ და შექმნან უსაფრთხოების იმგვარი მექანიზმი, რომ უკვე მომხდარი სცენარით თავდასხმისგან მაინც დაიზღვიონ თავი. ბანკებს ყველგან ესხმიან თავს, ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი, მაგრამ იქ შეცდომებზე მაინც სწავლობენ და დაცვის მექანიზმები მუდმივად იხვეწება. ჩვენთან კი წლებია ერთი და იგივე ხდება. მარტივ რამეს ვიკითხავ, რასაც საექსპერტო ცოდნა საერთოდ არ სჭირდება: იარაღიანი პირი ბანკში თავისუფლად როგორ უნდა შედიოდეს? ეს ნიშნავს, რომ არც შენი თანამშრომლის უსაფრთხოებას იცავ და არც მომხმარებლისას. რატომ არ შეხვდა მას შესვლისთანავე წინააღმდეგობა? დღეს არა მარტო სახელმწიფო, კერძო ორგანიზაციებშიც დამონტაჟებულია ლითონის ამომცნობი ხელსაწყოები. ბანკებში უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები თუ უმოკლეს დროში არ დაიხვეწა, ამ შემთხვევებმა შესაძლოა სხვასაც უბიძგოს კრიმინალისკენ. ამის გაფიქრების შანსიც არ უნდა დავუტოვოთ დანაშაულისკენ მიდრეკილ პირებს. მათ უნდა იცოდნენ, რომ ბანკში ყაჩაღობისთვის შესულს დიდი წინააღმდეგობა შეხვდება. კარგია, რომ საბანკო სექტორი ვითარდება, მაგრამ ჩანს, რომ ძალიან ცოტა ფულს ხარჯავენ უსაფრთხოების დასაცავად. სასწრაფოდ შესაქმნელია საბანკო, სახელმწიფო სექტორისა და ექსპერტების უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს დებულებას ბანკის, კლიენტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფისთვის", - განაცხადა მამუკა ხუციშვილმა.