„თუ წესების 90%-იანი შესრულება გვექნება, განსაკუთრებით პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის ნაწილში, შევძლებთ, რომ ვირუსის გავრცელების ტემპი 70%-ით შევანელოთ"

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გავრცელების შემთხვევების ზრდა მოსალოდნელია, ხელისუფლება მაინც არ აპირებს სისტემური შეზღუდვების დაწესებას.

მისივე თქმით, გაგრძელდება იმ სტრატეგიის განხორციელება, რომელიც ვირუსთან ადაპტაციას გულისხმობს. ამასთანავე, ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის მხრიდან რაც უფრო მეტად მოხდება წესების დაცვა, მით ნაკლებად მოუწევს მთავრობას წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვების დაწესება.

„ჩვენ სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ და ვაგრძელებთ იმ სტგრატეგიის მიხედვით სვლას, რომელი სტრატეგიის მიხედვითაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მივდივართ, კერძოდ, ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციასა და მის მართვას წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვებით იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავიცვათ ბალანსი - დავიცვათ მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, რათა პოსტკრიზისულ პერიოდში შევინარჩუნოთ სწრაფი აღდგენის რესურსი. ამ მხრივ ჩვენ პოზიტიური ტენდენციები გვქონდა და მაქსიმალურად ვცდილობთ ამ ტენდენციების შენარჩუნებას. როგორც მოგეხსენებათ, გასულ კვირას გაიმართა პრემიერ-მინისტრის შეხვედრები მსხვილ დამსაქმებლებთან, ასოციაციებთან. აქ იყვნენ როგორც საშუალო, ისე მცირე ბიზნესის წარმომადგენლები და ასევე, ამ შეხვედრებზე ერთხმად ითქვა, რომ სწორედ ბალანსის დაცვა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შევინარჩინოთ სამუშაო ადგილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვირუსის მეორე ტალღასთან ბრძოლის პროცესში. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია ელემენტარული წესების დაცვით, პირბადის ტარებითა და დისტანციის დაცვით. ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში, როგორც გახსოვთ, მკაცრი რეკომედაცია გავეცით 3 ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გარე სივრცეში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს წესი ზედმიწევნით შეასრულონ, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად, რიგებში, გაჩერებებზე. თუ ჩვენ გვექნება 90%-იანი შესრულება წესების, მაქსიმალურად შევძლებთ, რომ, დაახლოებით, 70%-ით ვირუსის გავრცელების ტემპი შევანელოთ. ამასთანავე, რაც უფრო მეტად მოხდება წესების დაცვა, მით უფრო ნაკლებად მოგვიწევს ლოკალური და წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება,“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.