კორონავირუსის შემთხვევების გამო, ამ ეტაპზე თბილისის 76 ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, თბილისის მასშტაბით, კორონავირუსის შემთხვევების აღმოჩენის გამო, დღეის მდგომარეობით 76 ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.

ამასთან, როგორც კახაბერ გვანცელაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ორკვირიანი საიზოლაციო პერიოდი 6-მა ბაღმა გაიარა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით სამუშაოების ჩატარების შემდეგ, დღეს სააღმზრდელო პროცესი აღადგინა.

"დღემდე 82 ბაღს ჰქონდა სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილი. დღეს 6-მა აღადგინა, გავიდა ორკვირიანი საიზოლაციო პერიოდი, მათ ნაწილში ინფიცირებულები იყვნენ, როგორც ბავშვები, ასევე თანამშრომლები, ჩაუტარდა ყველა ბაღს დეზინფექცია, დღეიდან გაანახლეს სააღმზრდელო პროცესი. ამ დროისთვის 76 ბაღია კვლავ დახურული", - განაცხადა გვანცელაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მასშტაბით სულ 183 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს.