ევრო 5-ის სტანდარტის დიზელზე გადასვლამდე სულ რაღაც ორიოდე თვე რჩება, თუმცა დღემდე უცნობია, გააგრძელებს თუ არა ხელისუფლება მორატორიუმს, რომელიც ახალ სტანდარტზე გადასვლას კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს.
„სოკარ ჯორჯია პეტროლიუმში“ ამბობენ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც მთავრობასთან, ასევე სხვადასხვა ასოციაციებთან.
ცნობისათვის, ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ ევრო-5 სტანდარტის დიზელის საწვავზე მორატორიუმის კიდევ ერთი წლით გახანგრძილივებას ითხოვს. მეტიც, კომპანიის დირექტორი, ლევან გიორგაძე ამბობს, რომ მოძველებული ავტოპარკის პირობებში, მაინც არ იქნება ეკოლოგიისათვის მნიშვნელოვანი სტანდარტის ამოქმედება, პროდუქტი კი გაძვირდება.
,,კოვიდ პანდემიის გამო, აზერბაიჯანი დიდი ხნით იყო ჩაკეტილი, ამან გამოიწვია ქარხნის გადაიარაღების შეფერხებაც. ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც მორატორიუმის გახანგრძლივება დადგა დღის წესრიგში.
ამ ეტაპზე, ხელისუფლებასთან ჩვენი თხოვნაა, რომ მორატორიუმი 1 წლით გახანგრძლივდეს. მთავარი მიზეზი რატომაც ჩვენ ეს თხოვნა გვაქვს, არის რეალისტური მიზეზები და მოცემულობები. რეალურად ევრო-4 სტანდარტიდან ევრო-5 ზე გადასვლა ამ ავტოპარკის პირობებში, რაც დღეს საქართველოში დიზელის ძირითადი მომხმარებელია, არ იქნება არანაირი ეკოლოგიური სტანდარტის ცვლილების საფუძველი. ავტოპარკი ძალიან ძველია და ამით მოხდება მათთვის უბრალოდ, პროდუქტის გაძვირება. იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი მოასწრებს ქარხნის რეაბილიტაციას ახალი მორატორიუმის ვადებში, ლოგისტიკის შედარებით მცირე ხარჯიდან გამომდინარე, საწვავი იქნება უფრო იაფი, ვიდრე დღეს არსებული ზღვით შემოსული ევრო-5. ამიტომ ეს იქნება გაძვირების მინიმალური ეფექტი.
მორატორიუმის 2022 წლამდე გადავადების თხოვნით ხელისუფლებას მივმართეთ წერილით. მიმდინარეობს კონსულტაციები შესაბამის ასოციაციებთან და მოლაპარაკება შესაბამის სტრუქტურებთან, მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით“- განუცხადა ,,ბიზნესპრესნიუსს“ ლევან გიორგაძემ.
გადავადდება თუ არა დიზელის საწვავის ახალ სტანდარტზე გადასვლა უკვე მეორედ, ჯერ უცნობია. პრემიერმა გიორგი გახარიამ, მორატორიუმის შესახებ დადგენილება გასული წლის 15 ნოემბერს გამოსცა.
ინფორმაციისთვის, ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანი საქართველოსთვის დიზელის საწვავის მთავარი მომწოდებელია. მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 419,4 ათასი ტონა, საიდანაც იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 159,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 38%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 99,5 ათასი ტონა (23,7%), რუმინეთი - 56 ათასი ტონა (13,3%), თურქმენეთი - 55,9 ათასი ტონა (13,3%), და სხვ.