ევროკომისიისა და ევროპალატის ერთობლივი პროექტი "ევროკავშირი ბიზნესისთვის", რომლის განხორციელებას საქართველოში მალე დავიწყებთ, მოგვცემს შესაძლებლობას, დავგეგმოთ მიზნობრივი აქტივობები და ევროკავშირში პარტნიორ პალატებთან ერთად კონკრეტულ შედეგებზე გავიდეთ, - ამის შესახებ სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ განაცხადა.
გიორგი პერტაიას თქმით, სავაჭრო პალატამ ევროკომისიისა და ერვროპალატის ერთობლივ პროექტში გაიმარჯვა, რომლის ფარგლებში ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ დაუკავშირდნენ უცხოელ ბიზნეს პარტნიორს, დაამყარონ საქმიანი კავშირები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი.
„პროექტი აქცენტს აკეთებს მცირე და საშუალო კომპანიებზე. ჩვენი წევრების 80% რეგიონებიდან არიან, რომლებიც სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესს სექტორს წარმოადგენენ. პროექტის მეშვეობით საქართველოში, კრეატიულ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ COVID-19-ის პანდემიის შედეგად, შესაძლებლობა ეძლევათ მოიზიდონ ინვესტიციები. მათთვის მოეწყობა და დაფინანსდება ასევე ორმხრივი შეხვედრები, ტრენინგები და თვინინგი. ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება, ეს არის დავეხმაროთ ქართულ კომპანიებს შევიდნენ ევროკავშირის ბაზარზე. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის, ინვესტიციების მოზიდვისა და კომპანიებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარებას“, - აცხადებს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი.