უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველაზე სანდო და მყარი ინვესტიციაა, რომლის ფასიც წლიდან წლამდე იზრდება. ბინებზე მოთხოვნა სტაბილურია და სამშენებლო სექტორიც უფრო ვითარდება.
ბოლო ათეული წელია, განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა სასტუმროს ტიპის აპარტამენტები, რომლებიც ძირითადად, უკვე ყველა პოპულარულ კურორტზე გვხვდება. ამ მხრივ ლიდერობენ ბათუმი და ბაკურიანი, სადაც სასტუმროს ტიპის აპარტამენტების რაოდენობა სულ უფრო იზრდება.
ბათუმი სეზონურობით ხასიათდება, თუმცა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი კურორტია, ბაკურიანი კი ვიზიტორების ნაკლებობას წელიწადის თითქმის არცერთ დროს არ განიცდის. მაგალითად 2018-2019 წლის სტატისტიკური მონაცემები რომ მოვიყვანოთ, ვნახავთ, რომ აღნიშნული წლებში, ზამთრის სეზონზე ბაკურიანს სულ მცირე 136 185, ხოლო ზაფხულის პერიოდში სულ მცირე 43 585 ვიზიტორი ეწვია. მათი უმრავლესობა კი საცხოვრებლად სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს ირჩევს.
ბაკურიანში აპარტამენტის მფლობელი ნინი მიხანაშვილი გვიამბობს, რომ უძრავი ქონების შერჩევისას არჩევანი ბაკურიანზე მოთხოვნიდან გამომდინარე შეაჩერა.
„უძრავი ქონების ექსპერტმა მირჩია, არჩევანი ბაკურიანზე შემეჩერებინა, რადგან კურორტს დამსვენებლები თითქმის ყველა სეზონზე ჰყავს. ჩემ მიერ განხორციელებული ინვესტიციით საკმაოდ კმაყოფილი ვარ, პირველ რიგში იმიტომ, რომ გავითვალისწინე რჩევა და მეორე - ბიზნესის თვალსაზრისით, ეს არის მომგებიანი უძრავი ქონება, რომელიც წლის მანძილზე სულ მუშაობს. ჩემს საკუთრებაში არსებულმა 2-საძინებლიანმა ბინამ, სრული დატვირთვით მუშაობის შედეგად, წლიურად დაახლოებით 10 000-ობით ლარის ოდენობით შემოსავალი მომიტანა. რა თქმა უნდა, ზამთრისა და ზაფხულის სეზონებზე შემოსავალი უფრო მაღალია. ზამთარში ვიზიტორების რაოდენობაზე მოქმედებს თოვლის საფარი, გაზაფხულიდან ნაძვის ყვავილობა და ამას ებმის ზაფხულის სეზონი, რომელიც გვიან შემოდგომამდე გრძელდება“, - განგვიმარტა მან.
რაც შეეხება ზამთარსა და ზაფხულში ერთი ღამის ტარიფებს, ნინი მიხანაშვილი განგვიმარტავს, რომ ზამთარსა და ზაფხულში ისინი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება, თუმცა აპარტამენტი სტუმრების გარეშე თითქმის არასდროს რჩება.
„მაგალითად თუ ზამთრის სეზონზე ჩამოდის დამსვენებელი ერთი კვირით მხოლოდ თოვლისთვის და გასართობად ჩამოდის და ღამეში პირობითად 200 ლარს იხდის, ზაფხულის შემთხვევაში დამსვენებლები 2 კვირით გვსტუმრობენ და ღამეში 100 ლარს იხდიან. რა თქმა უნდა, ზამთრის სეზონზე სტუმრების რაოდენობა გაცილებით მაღალია და შემოსავალიც მეტია. უნდა ითქვას, რომ ბაკურიანის აპარტამენტის შესაძენად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება და შემდეგ უკვე მოგებაზე გასვლა, 3-4 წელში აბსოლუტურად შესაძლებელია“, - აღნიშნავს ის.
როგორ იზრდება ბაკურიანში აპარტამენტებზე მოთხოვნა, ამის შესახებ „ტერასა ჯგუფის“ კომერციულ დირექტორს თამარ გაფრინდაშვილს ვკითხეთ. კომპანიამ კურორტზე მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც პრემიუმ-კლასის აპარტამენტებს, 4800 კვადრატული მეტრის ფართობის ეზოსა და სხვა ობიექტებს მოიცავს.
თამარ გაფრინდაშვილის განმარტებით, ვიზიტორების რაოდენობის ზრდასა და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, კურორტზე ახალი მოთხოვნები ჩნდება. დამსვენებელს აღარ აკმაყოფილებს სტანდარტული აპარტამენტები და მეტ გასართობ და დასასვენებელ სივრცეს ეძებს. მათ შორის არის საცურაო აუზი, რესტორნები, კაფეები, კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცეები და სხვა.
„რეალურად, დღეს, ბაკურიანში ისეთი სასტუმრო აპარტამენტების კომპლექსი, რომელიც ყველა სერვისს აერთიანებს, არ არსებობს. ჩვენ ვახორციელებთ პროექტს, რომელიც აპარტამენტის მესაკუთრისთვის მაღალი შემოსავლის მომტანი იქნება, დამსვენებელი კი ყველა სერვისს ერთ სივრცეში მიიღებს. პროექტი 2022 წელს დასრულდება, თუმცა გაყიდვები უკვე დავიწყეთ და ახლა კლიენტებს 12%-მდე ფასდაკლებასა და 30 თვიან შიდა 0%-იან განვადებას ვთავაზობთ.
„ტერასა ბაკურიანი“ როგორც აპარტამენტებს, ისე სასტუმროს, რესტორანს, აუზს, ბავშვების გასართობ, სასეირნო და დასასვენებელ სივრცეებს მოიცავს. „ტერასა ბაკურიანის“ აპარტამენტებს სასტუმროს მსგავსი მომსახურება ექნება, რაც მას დასასვენებლად უფრო მიმზიდველს ხდის. კონსიერჟის მომსახურება ასევე მოიცავს თვითმფრინავის ბილეთის დაჯავშნასაც, რისი მოთხოვნაც უცხოელი სტუმრების მხრიდან არსებობს“, - განმარტავს თამარ გაფრინდაშვილი.
მისივე თქმით, ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის გათვალისწინებით, კომპანია ბინათმფლობელს კონკრეტული ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც საიჯარო გადასახადი არ არის ფიქსირებული, არამედ ის შემოსავლიდან მიღებული კონკრეტული პროცენტია, რაც როგორც მესაკუთრისთვის, ისე „ტერასა ბაკურიანისთვის“ საკმაოდ ხელსაყრელია.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ბაკურიანში აქტიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. კურორტი 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რათა უცხოეთიდან ათასობით დამსვენებელი მიიღოს. დღეს არსებული პროგნოზებით, ჩემპიონატის გამართვა ბაკურიანში აპარტამენტების ფასებზე პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს და მკვეთრად გააძვირებს.