28 ოქტომბერს ზუგდიდში (ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია) დასაქმების ფესტივალი გაიმართება. ღონისძიების მიზანია დასაქმების ხელშეწყობა და საარსებო წყაროების გაძლიერება. ღონისძიების ორგანიზატორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და ASB საქართველო (ASB Georgia). ღონისძიება ტარდება პროექტის „დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ს მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო (BPRM).
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს სამეგრელოს რეგიონში მოქმედი 20-მდე კომპანია/ორგანიზაცია და, ასევე, სამუშაოს მაძიებელი პირები. სამუშაოს მაძიებლები პოტენციურ დამსაქმებელ ორგანიზაციებთან/კომპანიებთან, 28 ოქტომბერს გამართულ დასაქმების ფესტივალზე, გაივლიან გასაუბრებას და ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სასურველი სამუშაო.
პროექტი „დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“ სამეგრელოს რეგიონში 2018 წლიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც 90-მა ადგილობრივმა მეწარმემ საშუალოდ 2000 USD ოდენობის გრანტი მიიღო მატერიალური სახით. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში გაიხსნა საარსებო წყაროების განვითარების ცენტრი (LDC), რომელიც ადგილობრივ მეწარმეებს ეხმარება საარსებო წყაროების გაძლიერებაში, უწევს რა მათ კონსულტაციებს. ამასთან, ორგანიზაციებს/კომპანიებს და სამუშაოს მაძიებლებს ერთმანეთთან აკავშირებს და ამით ხელს უწყობს ადგილობრივი დასაქმების ბაზრის გაძლიერებას. დღეისათვის LDC აერთიანებს 120-ზე მეტ ორგანიზაციას/კომპანიას. LDC-ის დახმარებით დასაქმდა 100-მდე დევნილი და მასპინძელი თემის წარმომადგენელი.