შეცვალა თუ არა პანდემიამ უცხოელების მხრიდან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა - „რედკო“

„უცხოელები გვიკავშირდებიან, მაგრამ ბინების შეძენა ფორმალურად ვერ ხდება“ ,- ამის შესახებ „რედკოს“ დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიზეზი პანდემიაა, რის გამოც, ტურისტები ქვეყანში ვერ ჩამოდიან, ეს უკანასკნელი კი ქონების გადაფორმებისთვის აუცილებელი პირობაა.

„ბიზნესპრესნიუსი“ ასევე დაინტერესდა, არის თუ არა მოთხოვნა ადგილობრივების მხრიდან სუბსიდირების ფარგლებში ბინების შეძენაზე, რაზეც „რედკოს“ დირექტორი ამბობს, რომ გაყიდული ბინების 10% სწორედ ამ პროგრამაზე მოდის.

„სუბსიდირების ფარგლებში მოთხოვნა რა თქმა უნდა, იყო. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი, თუმცა გაყიდული ბინების დაახლოებით, 10% მოდიოდა სუბსიდირებულზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვაქვს ტიპიური საცხოვრებელები, უფრო ტურისტული მიმართულებით სასტუმროს ტიპის რეზიდენციები, ე.წ აპარტოტელები გვაქვს, ვინც სუბსიდირების ფარგლებში მოვიდა, ყველამ ამ ტიპის ბინა შეიძინა.

რაც შეეხება ტურისტებისგან მოთხოვნას, უცხოელები გვიკავშირდებიან, მაგრამ ბინების შეძენა ფორმალურად ვერ ხდება. სხვადასხვა ქვეყნიდან ზოგი ტელეფონით, ზოგი ელექტრონული ფოსტით დაგვეკონტაქტა, მოხდა წინარე კონტრაქტებით კომუნიკაცია, თუმცა ეს არ არის სრულყოფილი, რადგან მათი ჩამოსვლა აუცილებელია იმისთვის, რომ ქონება გავუფორმოთ.

შეიძლება ითქვას, რომ უცხოელების მხრიდან მოთხოვნა არის, თუმცა ოფიციალურად შესყიდვა ჯერჯერობით ვერ ხდება“,-განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.

ნინი ქეთელაური