EPAM-მა საქართველოში ვაკანსიები უკვე გამოაცხადა - განიხილება რელოკაციაც

ამერიკულმა IT-კომპანია EPAM-მა საქართველოში დასაქმებაზე ვაკანსიები უკვე გამოაცხადა. კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ზოგიერთ ვაკანსიაზე პირის რელოკაციაც განიხილება. ამ ეტაპზე კომპანიას გამოცხადებული აქვს 14 ვაკანსია, მათ შორის, ვებ-დეველოპერის, Java ინჟინერის, კომპანიის სისტემების შექმნელის, კომპიუტერული სისტემების განვითარების სპეციალისტის და ა.შ. პოზიციებზე.

EPAM-მა საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით განცხადება ორიოდე კვირის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გაახმოვანა. მაშინ მინისტრმა განაცხადა, რომ კომპანიამ უკვე ჩამოიყვანა 30-მდე თანამშრომელი და საქართველოში თავისი ოფისის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისათვის, პროგრამული უზრუნველყოფის საინჟინრო მომსახურების გლობალური კომპანია EPAM-ი 1993 წელს მინსკში, ორმა თანაკლასელმა არკადი დობკინმა და ლეო ლოზნერმა დააფუძნა. პირველი ოფისი მათ ამერიკასა და ბელარუსში გახსნეს. მოგვიანებით ამ სიას შეემატა როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნები.

ამ დროისთვის EPAM-ის შტაბ-ბინა პენსილვანიის შტატში, ნიუთაუნში მდებარეობს. კომპანიას ფილიალები დედამიწის 4 კონტინენტზე, 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს. დღესდღეობით კომპანიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 36,400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

EPAM-მა აქციების პირველადი განთავსება (IPO) ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 2012 წლის 8 თებერვალს განახორციელა. იმ დროისთვის კომპანიის კაპიტალიზაცია 18,94 მილიარდ დოლარს შეადგენს. ერთი აქციის ღირებულება კი 339,05 დოლარია.

კომპანიის პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე არის არკადი დობკინი.