კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა ნავთობს აიაფებს

შეერთებულ შტატებსა და ევროპაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის კვალად, ნავთობი გაიაფებას აგრძელებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ეპიდემიის კიდევ უფრო გავრცელების პასუხად, მთავრობები ყველანაირ აქტივობას ზღუდავენ, რაც ეკონომიკას აზარალებს და ნავთობზე მოთხოვნას ამცირებს.

გარდა ამისა, ლიბიამ მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის მიწოდება კიდევ უფრო გაზარდა. ქვეყანამ საბადო „ელ-ფილზე“ ფორს მაჟორული მდგომარეობა მოხსნა, რამაც ამ საბადოზე მოპოვება გაზარდა. შესაბამისად, მოიმატა ექსპორტმა. ლიბიის ნავთობის ეროვნული კომპანია აცხადებს, რომ მალე საბადოს დღიური წარმადობა მილიონ ბარელს მიაღწევს.

ამ ფაქტორების ზემოქმედებით, კვირის დასაწყისში, ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასი 2.6 პროცენტით, 40.69 დოლარამდე შემცირდა, ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს ფასმაც 2.6 პროცენტით, 38.80 დოლარამდე დაიკლო.

შეერთებულ შტატებში გასულ უქმეებზე ინფიცირების რეკორდულად ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. საფრანგეთში კი ახალი შემთხვევების რაოდენობა 50 ათასს ასცდა. იტალიამ და ესპანეთმა ახალი შეზღუდვები დააწესეს, რათა ინფექციის გავრცელებას ხელი შეუშალონ.

რაც შეეხება ნავთობის ბაზარს, ლიბიის მიერ მიწოდების გაზრდის პარალელურად, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC), ისიც იანვრიდან დღიურ მიწოდებას 2 მილიონი ბარელით გაზრდის. რუსეთი კი მზადაა, OPEC-ის და მისი პარტნიორი ქვეყნების მიერ, მიწოდების შეკვეცის პაქტის მოქმედების ვადა გააგრძელოს.