სექტემბერში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1.89 მლრდ ლარით გაიზარდა

სექტემბერში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1.89 მლრდ ლარით გაიზარდა. სესხების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 1.89 მლრდ ლარით (5.49%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.73%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისთვის 36.38 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 552.91 მლნ ლარით (3.70%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.34 მლრდ ლარით (6.85%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.23%-ით)”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სებ-ის ინფორმაციით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის სექტემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.69 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 6.03%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.81 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 7.03%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.40%-ით მეტი).

ამასთან, 2020 წლის სექტემბრის განმავლობაში 4.23%-ით, ანუ 732.34 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისთვის 18.05 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 42.55 პროცენტი შეადგინა, 2020 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.73 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.84 პროცენტული პუნქტით).