ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კოვიდ ინფიცირებულებისთვის, ქვეყნის მასშტაბით 8000 საწოლის მობილიზაციაა შესაძლებელი, რაც მისი შეფასებით, საკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანა პიკს გაუმკლავდეს. აღნიშნულის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ისაუბრა.
ცერცვაძის თქმით, გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდი კარგად იქნა გამოყენებული მოსამზადებლად და ამის დამსახურებაა ის, რომ კოვიდ პანდემიის მართვა წარმატებულად ხდება.
„წარმატებულ მართვაში იგულისხმება ის, რომ 25% ჰოსპიტალიზდება, ეს ყველაზე მაღალი პროცენტია ჯერჯერობით ევროპაში და მსოფლიოში და გვაქვს ასეთი დაბალი სიკვდილიანობა. ჯერჯერობით ქვეყანას აქვს ყველა რესურსი იმისა, რომ შევძლებთ (პიკის პერიოდში) გამკლავებას.
4300 საწოლია ამჟამად მობილიზებული კოვიდისთვის. ჩვენი ქვეყნის საერთო საწოლფონდის გათვალისწინებით, 17 000 საწოლია სულ საქართველოში, რაც საშუალო საერთაშორისო სტანდარტზე მეტია, ევროპაში და ამერიკაში 100 000 მოსახლეზე უნდა იყოს 250-დან 300-მდე საწოლი. ჩვენ გვაქვს 300-დან 400-მდე. ამ 17 000 საწოლიდან სულ ცოტა კიდევ 4 000-ის გამოთავისუფლება შეიძლება, ანუ ქვეყანამ შეიძლება მოახდინოს 8000 საწოლის მობილიზაცია, რაც ვფიქრობ, რომ იქნება საკმარისი და საკმარისზე მეტიც,“- განაცხადა ცერცვაძემ.