აღარ იქნება ერთიანი საყოველთაო გადავადება, რესტრუქტურიზაცია მოხდება ინდივიდუალურად - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს“ საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა.
ალექსანდრე ძნელაძე იმ პირობებს განმარტავს, თუ როგორ შეუძლიათ კლიენტებს კომერციულ ბანკებში საკუთარ სესხზე მორგებული გადახდის პირობები მიიღონ.
„უკვე ცნობილია, რომ აღარ იქნება ერთიანი საყოველთაო გადავადება, რაც იყო წინა პერიოდში, ანუ პირველ ეტაპზე შეთავაზებული. მიმდინარეობს კლიენტებთან ინდივიდუალურად მუშაობა და ამის მიხედვით იქნება სესხების რესტრუქტურიზაცია. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს, ბანკს შეუძლიათ მიმართონ მომხმარებლებმა და მიიღონ კონკრეტული მითითებები, თუ რა არის საჭირო მათი სესხების რესტრუქტურიზაციისთვის.“- განაცხადა ძნელაძემ
საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი იმ თეორიულ შესაძლებლობაზეც საუბრობს, რომელიც მთავრობასთან ერთ-ერთი ბოლო შეხვედრისას განიხილეს, თუ როგორ შეიძლება სესხების გადავადება მხოლოდ ჰორეკა სექტორისათვის.
,,რეალურად, საუბარია იმაზე, რომ თეორიულად, შესაძლებელია განხილვის საგანი იყოს სახელმწიფოს მიერ დახმარებების ნაწილის გაფართოება და თუ ეს მოხდა და შეეხო ჰორეკა სექტორს, მომხმარებელთათვის გაამარტივებს საკითხს. რადგან იმ პერიოდში, როცა ისინი არ გადაიხდიან თანხას, დარიცხული პროცენტის სუბსიდირებას თუ სახელმწიფო მოახდენს, ეს იქნება დიდი შეღავათი და ბევრად უფრო გაამარტივებს ვითარებას. ამ თეორიულ დაშვებაზე, ნამდვილად იყო საუბარი მთავრობასთან ბოლო შეხვედრებისას და ითქვა, რომ გაგრძელდება მუშაობა, სექტორალურად სუბსიდრების მიმართულებითაც“, - განაცხადა ძნელაძემ.
ცნობისთვის, სესხებს კიდევ ერთხელ გადავადებაზე, 8 ოქტომბერს მთავრობის სხდომის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა. მისი თქმით, მცირე და საოჯახო სასტუმროების სესხების რესტრუქტურიზაცია მოხდება. საკითხთან დაკავშირებით მას ჰქონდა შეხვედრა ბანკებთან, რომლებიც მზადყოფნას გამოთქვამენ, მიმართვის შემთხვევაში მცირე და საოჯახო სასტუმროების კონკრეტული საქმეები ინდივიდუალურად განიხილონ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ.