„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ პანდემია, დიდი ალბათობით, მომავალ წელსაც გაგრძელდება, რეგიონში საომარი მოქმედებებია და ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლა შემცირებულია, 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა საკმაოდ ოპტიმისტური მიზანია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი გააანალიზა და საკუთარი მიგნებები და რეკომენდაციები წარმოადგინა. მათი ცნობით, ბიუჯეტში გაწერილია, რომ 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 14.8 მლრდ ლარი იქნება, რაც 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობებზე 3.7 მლრდ ლარით ნაკლებია. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ შემცირებას განპირობებს ის, რომ 2020 წელს მთავრობა 8 მლრდ ლარის ვალს იღებს, ხოლო 2021 წელს 3.2 მლრდ ლარის ვალს აიღებს; ბიუჯეტის ხარჯების 1 მლრდ ლარით შემცირებას კი მთავრობა ძირითადად, სუბსიდიებისა და სოციალურ პროგრამების ხარჯზე აპირებს, რომლებიც 2021 წლის ბიუჯეტში აღარ არის გათვალისწინებული; ორგანიზაციის ინფორმაციით, 99 მლნ ლარით მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები და ის ჯამში 3 მლრდ ლარამდე იქნება. რასაც პანდემიასთან დაკავშირებული სამედიცინო საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შემცირება განაპირობებს. თუმცა, მათივე განმარტებით, 2019 წელთან შედარებით, ადმინისტრაციული ხარჯები 210 მლნ ლარით მეტი იქნება;
„საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 429 ადამიანით იზრდება და 112 643 მიაღწევს. აქედან 227 ადამიანი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მართვას ემატება. 110-ით იზრდება ეკონომიკის სამინისტროში, კერძოდ, სახელმწიფო ქონების მართვაში დასაქმებულთა რაოდენობა. 82-ით იზრდება პოლიციელთა რაოდენობა; 2021 წლის პირველი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 20 ლარით გაიზრდება და 240 ლარი გახდება, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონრების პენსია 25 ლარით გაიზრდება და 275 ლარი გახდება. პენსიის ზრდა ბიუჯეტის ხარჯების 370 მლნ ლარით ზრდას იწვევს,“- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.