რუსული ხორბლის ფასმა რეკორდი განაახლა - გაძვირდა სიმინდიც

გასულ კვირას რუსულ ხორბალზე ფასმა რეკორდი განაახლა, როგორც შიდა, ასევე გლობალურ ბაზრებზე.

რუსული მედიის ცნობით, პორტებში შიდა შესასყიდი ფასი 1,9%-ით გაიზარდა 1 ტონაზე 18 450 რუბლამდე, საექსპორტოზე კი 2,8%-ით 255 დოლარამდე. „ეს ახალი რეკორდია რუბლებში და ახალი მაქსიმუმი საექსპორტო კოტირებებზე მიმდინარე სეზონზე. მსოფლიო ბაზარზე ბურღულეულზე ფასი განაგრძობს ზრდას, საკვანძო ფაქტორი ეს არის ჩინეთში მოთხოვნის აქტიური ზრდა“.

მათივე ცნობით, ფასის ზრდის მთავარი დრაივერი მსოფლიო ბურღულეულის ბაზრებზე იყო სიმინდი, რომელზეც გასულ კვირას ფასმა 4%-ით მოიმატა. „მთავარი ფაქტორი კი ჩინეთის მხრიდან სიმინდზე გაზრდილი მადა იყო. ტრეიდერების ინფორმაციით, ამ ქვეყანამ უკვე შეუკვეთა 17 მილიონი ტონა სიმინდი მიმდინარე სეზონზე, არადა მისი წლიური იმპორტის კვოტა 7,2 მილიონი ტონა იყო და ამ დრომდე ჩინეთის ხელისუფლებას არ დაუდასტურებია, რომ ამ კვოტებს გადახედავენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დამატებითი ფაქტორი, რომელიც სიმინდის ბაზარს აძვირებს, ეს არის შავი ზღვის რეგიონში დაბალი მოსავალი. „მოსალოდნელია, რომ უკრაინაში წელს მოსავალი 35,9 მილიონი ტონიდან შემცირდება 29,4 მილიონ ტონამდე, რუსეთში კი 14,3 მილიონიდან 13,7 მილიონ ტონამდე“ - აცხადებენ ექსპერტები.

მათი შეფასებით, ბურღულეულზე და განსაკუთრებით სიმინდზე ფასები მასზე მოთხოვნიდან გამომდინარე გაიზრდება.

კოკა კვირკველია