„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობას 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში თანხა არ აქვს გამოყოფილი კორონავირუსთან დაკავშირებული საკარანტინო და სხვა ღონისძიებების დაფინანსებაზე, თუმცა, ცხადია, რომ საკარანტინო სივრცეების დაქირავება 2021 წლის დასაწყისშიც საჭირო იქნება და მნიშვნელოვანი თანხის გამოყოფა აუცილებელი გახდება.
მათივე ცნობით, ახალი ბიუჯეტის პროექტის თანახმად 3 სამინისტროს შორის ყველაზე მეტად ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება მცირდება, შედეგად უწყებას 663 მილიონი ლარით ნაკლები დაფინანსება ექნება. ამასთანავე, 42 მილიონი ლარით მცირდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება და მისთვის 760 მილიონი ლარია გამოყოფილი.
„ყველაზე მეტად 4 სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - 601 მლნ ლარით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - 199 მლნ ლარით, თავდაცვის სამინისტროს - 95 მლნ ლარით და შინაგან საქმეთა სამინისტროს - 30 მლნ ლარით;
ყველაზე მეტად სამი სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება: ჯანდაცვის სამინისტროს - 663 მლნ ლარით, ეკონომიკის სამინისტროს - 466 მლნ ლარით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - 61 მლნ ლარით. სამივე სამინისტროს შემთხვევაში კლების მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებული პროგრამების დასრულებაა. მომავალ წელს მხოლოდ კომუნალური გადასახადების დაფარვის პროგრამის გაგრძელებაა დაგეგმილი იანვარ-თებერვალში;
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება 42 მლნ ლარით მცირდება და მისთვის 760 მლნ ლარია გამოყოფილი, მაშინ როდესაც, წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან უკვე არის დახარჯული 795 მლნ ლარი და წლის ბოლომდე 900 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება,“- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციის თანახმად, პანდემიის გამწვავების, რეგიონში მიმდინარე ომისა და შემცირებული უცხოური ინვესტიციების ფონზე, უმჯობესია, მთავრობამ ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის უფრო დაბალ მაჩვენებელზე დაგეგმოს.
მათივე განმარტებით, ბიუჯეტის ხარჯებში კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებაზე საჭირო თანხების არასახვა, ბიუჯეტს არარეალისტურს ხდის. მთავრობამ აუცილებლად უნდა ასახოს ბიუჯეტში გაზრდილი სამედიცინო ხარჯები, საკარანტინე და სხვა ღონისძიებების დაფინანსება;
„გასული წლებისა და მიმდინარე წლის მსგავსად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე არასაკმარისი თანხაა გამოყოფილი. სამინისტრომ ან 2021 წლისთვის გამოყოფილი თანხა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შეზღუდვა მოუწევს;
მისასალმებელია, რომ მთავრობა წელს მოზიდული საგარეო დახმარებების ნაწილით არსებული საგარეო ვალის დაფარვას გეგმავს. მომავალში ეს ვალის მომსახურების ტვირთს შეამცირებს. შესაბამისად, ბიუჯეტის საბოლოო დამტკიცებამდე ეს მიდგომა არ უნდა შეიცვალოს და დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში, რესურსი მიმდინარე და მომავალი წლის ბუჯეტებში ეკონომიით უნდა გამოინახოს,“- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.