„როგორიც არ უნდა ყოფილიყო ბანკის დაცვა, ვერ მოხდებოდა პრევენცია “ - გიორგი ცუცქირიძე ზუგდიდის შემთხვევაზე

როგორიც არ უნდა ყოფილიყო ბანკის დაცვა, ვერ მოხდებოდა პრევენცია, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი საბანკო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე ზუგდიდში „საქართველო ბანკის“ ფილიალში მომხდარ თავდასხმას. როგორც მან რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ერთსა და იმავე კომერციულ ბანკზე ხშირი თავდასხმის შემთხვევები ფინანსურზე მეტად, რეპუტაციული რისკი უფროა.

,,სამწუხაროდ, კრიმინალი, რომელიც დაკავშირებულია ბანკების ძარცვასთან და ყაჩაღობასთან, არ არის ერთადერთი პრობლემა. ამას ბოლო წლებში დაემატა ე.წ. ფიშინგი, ანუ საბანკო ანგარიშების ონლაინ ძარცვაც ჰაკერული ელემენტებით. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ბანკების ძარცვა და ქურდობა ხდება საქართველოზე ბევრად განვითარებულ და დაცულ ქვეყნებშიც. კრიმინალი მიდის იქ, სადაც დიდი ფულია და მათი დანაშაულის არეალიც დროს ერგება.

რაც შეეხება ბოლო, ზუგდიდის შემთხვევას, ეს რადიკალურად განსხვავებული საქმეა, სადაც მეტად ტერორიზმია, ვიდრე ძარცვა და კრიმინალთან არ აქვს იმდენად კავშირი. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ბანკის დაცვა, ვერ მოხდებოდა პრევენცია. წარმოიდგინეთ, ტაბელური იარაღით რომ ყოფილიყო დაცვა და მას გაესროლა, რათა ბანკში ვერ შესულიყო დამნაშავე, რამხელა მსხვერპლი მოჰყვებოდა ამას. ამ ფაქტის გადაზღვევა არ იყო შესაძლებელი, მე ასე ვხედავ.

სხვა შემთხვევაა, როცა ერთ ფილიალს რამდენჯერმე ესხმიან თავს. აქ ცალსახაა ბანკის პასუხცისმგებლობის საკითხი. პირდაპირ არავინ შედის ბანკის საძარცვად, ჯერ შესწავლა ხდება და აქ, შიდა, საბანკო უსაფრთხოების სისუსტეც იკვეთება“-ამბობს საბანკო სფეროს სპეციალისტი.

თამარ მუკბანიანი