„ყოველი ბანკის მხრიდან საკუთარი შენობების დაცვის პროცესი არის უმართავი“ - ვინ აკონტროლებს საფინანსო ობიექტების უსაფრთხოებას

„ის თანხა, რაც არის წაღებული დამყაჩაღებლების მიერ, არის ბევრად მიზერული, იმასთან შედარებით, თუ რა უნდა დახარჯოს კომერციულმა ბანკმა ობიექტების დაცვისთვის“, -ამის შესახებ საბანკი სფეროს ექსპერტმა ლია ელიავამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. აღნიშნულით ის ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საბანკო ფილალებსა და საინკასაციო მანქანებზე მომხდარ თავდასხმებს გამოეხმაურა. მათ შორის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტს.

როგორც საბანკო სფეროს ექსპერტმა აღნიშნა, კომერციული ბანკებისთვის არ არსებობს რეგულაციის სახით მკაცრად გაწერილი კონკრეტული მოთხოვნები, თუ როგორ უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები დაცული. შესაბამისად, საფინანსო ინსტიტუტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, თუმცა თვისით საზღვრავენ, როგორი უნდა იყოს და რა თანხა გამოიყოს დაცვაზე.

„ბუნებრივია, სადაც ფული ტრილებს, იქ კრიმინალის ინტერესიც არის უფრო გაზრდილი და ყოველთვის იქნება მცდელობა დააყაჩაღონ ესა თუ ის ბანკი და მათი ფილიალი. საქმე ამაში არ არის. კრიმინალის მოსპობა შეუძლებელია, მაგრამ წინ აღუდგე კრიმინალური ელემენტების ქმედებას, ეს შესაძლებელია. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ცოტა რამ თუ კეთდება საქართველოს საბანკო სექტორში. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფიზიკური დაცვის სამსახურები კომერციულ ბანკებში, რომლებიც ჩვენ უკვე ვნახეთ (და სხვა შემთხვევაშიც ასეა), რომ სათანადო დონეზე არ არიან წარმოჩენილნი. როდესაც იგეგმება ბანკის, ფილიალის ან საინკასაციო მანქანის ძარცვა, ყოველთვის არსებობს ნიშნები იმისა, რომ ვიღაც უთვალთვალებს ბანკის შენობას. ის სწავლობს თანაშრობლების განრიგს, სწავლობს, სად არის კამერები განთავსებული, თუ როგორ იქცევა დაცვა (ჩვენ შემთხვევაში შეიარაღებული, დაბალხელფასიანი დაცვა). ეს მომენტები პროფესიონალებისთვის, ვინც არიან გაწაფული დაცვის საკითხებში, ყოველთვის შესამჩნევია.

ეროვნულ ბანკს ნაღდი ფულის მართვასთან დაკავშირებით არსებულ დებულებაში მხოლოდ ის უწერია, რომ ფილიალები, რომლებიც ახორციელებენ ნაღდ ფულთან ოპერაციებს, ვალდებულნი არიან ფიზიკური უსაფრთხოება ან დაცვა უზრუნველყონ თვითონ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. სებ-ს ფიზიკურ დაცვასთან დაკავშირებით მეტი არაფერი არ აქვს ნახსენები და არც რეგულირების სახით აქვს კომერციული ბანკებისთვის დაწესებული. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ყველა კომერციული ბანკი თვისით საზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს დაცვა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით და რა თანხა უნდა გამოიყოს ასეთი სიძლიერის დაცვაზე. ვინაიდან კომერციული ბანკი არის კომერციული სტრუქტურა, ორიენტირებულია მოგებაზე, ბუნებრივია, მათ გააჩნიათ მისწრაფება, რაც შეიძლება ნაკლები თანხა დახარჯონ ასეთ ღონისძიებებზე. ვინაიდან, ზოგადად, დაცვა ჯდება ძვირი. ამიტომ, ყოველი ბანკის მხრიდან საკუთარი წარმოსახვის შესაბამისად, შენობების დაცვის პროცესი არის უმართავი.

წარმოიდგინეთ, ეროვნულ ბანკს გააჩნია რეგულაციები, თუ როგორი უნდა იყოს სალაროები კომერციულ ბანკებში, ამის მოწყობის წესებიც კი დარღვეული აქვთ. სალარო უნდა იყოს გამიჯნული ტყვიაგაუმტარი მინით, ბრონირებული კარებით, იქ შეღწევა უნდა იყოს შეუძლებელი. ფაქტობრვად, ჩვენ ვხედავთ, რომ სალარო ეს არის ჩვეულებრივი დახლივით, რომელთანაც ხელი მიუწვდება ყველას. აქაც კი დარღვეულია ეროვნული ბანკის მოთხოვნა, რადგან როგორც ბრონირებული კარი, ისე ტყვიაგაუმტარი მინა, არის ძალიან ძვირი სიამოვნება“,- განაცხადა ლია ელიავამ.

მისი თქმით, ვინაიდან სებ-ის მხრიდან ამ მიმართულებით არ არის კონკრეტული მკაცრი მოთხოვნები, კომერციული ბანკები თავს უფლებას აძლევენ, უსაფრთხოება სათანადოდ არ დაიცვან.

„ის თანხა, რაც არის წაღებული დამყაჩაღებლების მიერ, არის ბევრად მიზერული, იმასთან შედარებით თუ რა უნდა დახარჯოს კომერციულმა ბანკმა ობიექტების დაცვისთვის. რაც შეეხება ეროვნული ბანკის რეაქციას, სებ-ი ნაკლებად ერევა კომერციული ბანკების საქმიანობაში. ის ფაქტობრივად, გახდა კომერციული ბანკების მომსახურების სააგენტო. შესაბამისად, არა მარტო მის ფიზიკურ დაცვაზე არ რეაგირებს და არ გააჩნია გარკვეული მოთხოვნები, არამედ კიბერუსაფრთხოების დაცვაზეც კი არ გააჩნია ცხადი მოთხოვნები“,-განაცხადა ლია აელიავამ.

ნინი ქეთელაური