პაატა იმნაძე - ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების ფართო გამოყენება დაიწყო - 100 ავადმყოფიდან 97-ს ეს ტესტი გამოავლენს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ანტიგენზე დაფუძნებულ სწრაფ ტესტებს უფრო ფართოდ გამოიყენებენ.

იმნაძის განცხადებით, სამხრეთ კორეული წარმოების ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები რეკომენდირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და მათი ცდომილება მინიმალურია.

„უკვე დაიწყო ანტიგენის ტესტის უფრო ფართო გამოყენება, ვიდრე აქამდე იყო. აქამდე ანტიგენის ტესტი გამოიყენებოდა მხოლოდ სატვირთო ავტომობილების მძღოლებზე, რომლებიც ქვეყანაში შემოდიოდნენ. ახლა უფრო გაფართოვდა ამ ტესტების გამოყენება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სულ ორი ანტიგენის ტესტია რეკომენდირებული გამოსაყენებლად და ამ ორიდან ერთ-ერთია ეს, სამხრეთ კორეული წარმოების. მისი მგრძნობელობა თავიდან იყო 84%, ახლა არის - 96,52%, ხოლო სპეციფიურობა 99,68%. ანუ 100 ავადმყოფიდან 97-ს გამოავლენს ეს ტესტი. თუ ადამიანს არ აქვს კოვიდი, ყველა შემთხვევაში, ის იქნება უარყოფითი. ეს ტესტები არის მაღალი მგრძნობელობის და მისი გამოყენება უკვე დაშვებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ასევე შეერთებულ შტატებშიც არის დაშვებული. ასე, რომ ჩვენც მივყვებით მსოფლიო პრტაქტიკას და ჩვენთანაც გამოყენებული იქნება ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები. ამ ტესტებს ცდომილება აქვთ ყველაზე უფრო მინიმალური“, - განაცხადა იმნაძემ.