*303#-ის დისტანციური მომსახურებით ნახევარ მილიონამდე მოქალაქემ ისარგებლა

კომუნალური მომსახურებების დისტანციური საშუალებით, საქართველოს მასშტაბით, უკვე 497 ათასმა პირმა ისარგებლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილი სერვისი - *303#, მოქალაქეებს აძლევს საშუალებას მობილური ტელეფონით მიიღონ კომუნალური მომსახურებების შესახებ ყველა ინფორმაცია.

ამასთან, *303# მომსახურება არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას ან სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილურისთვის. მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

„ *303# მომსახურებით მოქალაქეებს შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის მომარაგების წყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი, მონაცემების მისაღებად სასურველ აბონენტზე დაარეგისტრირონ ან წაშალონ არასასურველი ნომერი.

ამ ეტაპზე *303# მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ სს „თელასის“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყალის“, შპს „რუსთავის წყალის“ და სს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ აბონენტებს.

მომსახურება ხელმისაწვდომია „მაგთიკომის“, „სილქნეტის“ და „ბილაინის“ მომხმარებლებისათვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.