გერმანულმა ავიაგადამყვანმა „ლუფტჰანზამ“ მესამე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლებმაც აჩვენა, რომ კომპანიამ 1.26 მილიარდი ევრო იზარალა. უფრო მეტიც, ბაზრის ანალიზი აჩვენებს, რომ მეოთხე კვარტალი კიდევ უფრო რთული იქნება.
იმავდროულად, კომპანია აცხადებს, რომ მეორე კვარტალთან შედარებით, ზარალი შემცირებულია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ პანდემიის მეორე ტალღის დაწყებამდე, კომპანიამ ბევრი რეისის დროებით აღდგენა და ხარჯების შეკვეცა შეძლო. შედარებისთვის, „ლუფტჰანზამ“ შარშანდელი მესამე კვარტალი 1.3 მილიარდი ევროს მოგებით დაასრულა.
„მოსალოდნელია, რომ ზამთარში საჰაერო მოგზაურობაზე მოთხოვნა კვლავ დაბალ დონეზე დარჩება, რისი მიზეზიც, რა თქმა უნდა, პანდემიის სულ უფრო მეტად გავრცელებაა“, - ნათქვამია „ლუფტჰანზას“ განცხადებაში. კომპანია ასევე დასძენს, რომ პანდემიის ზრდის მიუხედავად, კრიზისს გაუძლებს.
შექმნილ სიტუაციაში, „ლუფტჰანზას“ ჯგუფის ავიახაზები, რომლებიც გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიასა და ბელგიაშია ბაზირებული, შარშანდელ მეოთხე კვარტალთან შედარებით, მხოლოდ 25-პროცენტიანი დატვირთვით იმუშავებს.
რეისების გაუქმების გამო, ივლის-სექტემბერში კომპანიამ დაახლოებით 2 მილიარდი ევროს შემოსავალი დაკარგა. კომპანია აცხადებს, რომ ანგარიშზე 10.1 მილიარდი ევროს რეზერვი აქვს. აქედან 6.3 მილიარდი ის ჯამური თანხაა, რომლებიც კომპანიამ რამდენიმე ევროპული ქვეყნის მთავრობებისგან, კრიზისული პერიოდის გადასატანად, დახმარების სახით მიიღო და ეს თანხა ჯერ არ გამოუყენებია.