ყველა ობიექტური ფაქტორით, პურის ფასი უნდა გაზრდილიყო, თუმცა მისი შენარჩუნება ხელოვნურად ხდება, რაც კომპანიებს ძალიან დიდ ზარალს აყენებს.
ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანიის „მარდის“ დირექტორი საუბრობს.
ნუგზარ ღონიაშვილის თქმით, პურის ფასის შესანარჩუნებლად ბევრად დიდი თანხა იხარჯება.
,,სუბსიდირება დროებითი და წერტილოვანი მექანიზმი უნდა იყოს და არა მუდმივი. ასე როდემდე შეიძლება გაგრძელდეს? აბსოლუტურად ყველაფერი გაძვირდა და პური დარჩა საკრალურ პროდუქტად, რომლის გაძვირებასაც ხელოვნურად აფერხებენ. სინამდვილეში, თუ პურის ფასი მაგალითად, გაიზარდა 5 თეთრით, ოჯახზე თვიური სხვაობა დაახლოებით 6 ლარი იქნება. საშუალო სტატისტიკური ოჯახი 4 ბატონზე მეტს ხომ არ მოიხმარს? ამ დროს, ბევრად დიდი ფული სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად მიდის იმაზე, რომ ეს 5 თეთრი არ მოემატოს, რომელიც თვიური 6 ლარი გამოდის. მართლა გაუგებარია, რატომ ხდება სუბსიდრების არჩევა, როცა თავისუფლად შეიძლება, პირდაპირ იმ მოწყვლად ოჯახებს დაეხმარონ, ვისაც პურის შეძენის პრობლემა აქვს და არ დაიხარჯოს უზარმაზარი თანხები ფასის ხელოვნურად დაჭერისთვის.
მე არ ვარ პროფესიით ეკონომისტი, თუმცა ყველასგან ვიცი და ამას სპეციფიური ცოდნაც არ სჭირდება, რომ ხელოვნური ჩარევა ხანგრძლივი ვადით და დიდი დოზებით, ეკონომიკაში დაუშვებელია და საბოლოოდაც არავითარ შედეგს არ იძლევა, მეტიც დამღუპველია. ეს დამანგრეველია ჩვენი სექტორისთვისაც.“-აცხადებს ნუგზარ ღონიაშვილი.
იმპორტიორი, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ მისი ბიზნესი გაჩერების პირასაა.
,,ყველა თანხმდება, რომ სუბსიდირება არ არის სწორი მექანიზმი, მაგრამ თუ საჭირო გახდა ისევ გავაგრძელებთო, ეს არის ყოვლად გაუგებარი. ჩვენ, გაჭირვებული ქვეყანა ვართ და დაბალი ფასის საჭიროებაც სულ იქნება, მაგრამ სურათს ხომ მასშტაბურად უნდა შევხედოთ? ეს კლავს კონკურენციას და მაგალითად, ჩემს კომპანიაში თუ მუშაობდა 20 ადამიანი, ახლა ხუთია დარჩენილი და გაჩერების პირას ვართ. ბოლო 6 თვეა, საწარმო არის ზარალზე. სუბსიდირებაც ბოლო შემთხვევაში მოხდა უცნაურად, მხოლოდ ხორბლის იმპორტიორებისთვის, რის გამოც ჩვენც მოგვიწია არაადეკვატურ ფასთან ომი.
ოჯახებისთვის, როგორც უკვე ვთქვი, 6 ლარზე მეტი არ არის თვიური შეღავათი ამ სუბსიდირებით და ღირს კი ამდენი თანხის ამ ეფექტისთვის ხარჯვა? ერთადერთი გზაა, რომ კონკურენციის შედეგად დაჯდეს ფასი ნომინალზე, ეს არის კაპიტალიზმი, თორემ მაშინ საბჭოთა კავშირში უნდა დავრჩენილვიყავით, თუ ფასები, სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს. ყველა ობიექტური მიზეზი, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი, ლოგისტიკის ხარჯები, ლარის კურსი, ყველაფერი არსებულზე მაღალ ფასს განაპირობებს. ეს არის ობიექტური რეალობა. პურის ფასის სუბსიდირების ნაცვლად, კიდევ ერთხელ ვამბობ, სახელმწიფოს შეუძლია დაეხმაროს მოწყვლად ოჯახებს, ეს იქნება უფრო დიდი ეფექტის მქონე და უფრო იაფი მექანიზმი. არ ვიცი, ალბათ სხვა უკეთესი მექანიზმის მოფიქრებაც შეიძლება, სურვილის შემთხვევაში. “-აცხადებს ღონიაშვილი.
ცნობისთვის, მთავრობის ინიციატივით მიმდინარე წლის 17 აპრილს ხორბლის იმპორტიორებისათვის 1 ტონა ხრბალზე 40 დოლარის სუბსიდირება ხდებოდა. მიზანი, მაშინაც პურის ფასის შენარჩუნება იყო.