Reuters - კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ანგელა მერკელს გერმანიაში ბარებისა და რესტორნების დახურვა სურს

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად 4 ნოემბრიდან ბარებისა და რესტორნების დახურვა სურს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული.

სააგენტოს ცნობით, დოკუმენტში ასევე წერია, რომ ქვეყანაში სკოლები და საბავშვო ბაღები ღია დარჩება.

Reuters-ი წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დღეს დაგეგმილი სატელეფონო კონფერენციის დროს გერმანიის 16 მიწის ლიდერები აღნიშნულ პროექტზე შეთანხმებას მიაღწევენ, გერმანიაში ადამიანებს სახლიდან გასვლის უფლება მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრებთან ან სხვა ოჯახის მხოლოდ ერთ წევრთან ერთად ექნება. დროებით დაიხურება ფიტნეს სტუდიები, დისკო კლუბები, კინოთეატრები, თეატრები, ოპერის სახლები და საკონცერტო დარბაზები. ამასთან, მაღაზიები ღია დარჩება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ჰიგიენის დაცვისთვის საჭირო ზომებს მიიღებენ და კლიენტების რაოდენობას შეამცირებენ. რესტორნებს კი მხოლოდ გატანის სერვისით მუშაობის ნებართვა ექნებათ.

შეგახსენებთ, გუშინ გერმანიაში კორონავირუსის 11 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 449 275-ს მიაღწია.