„რაც უფრო მაღალი იქნება წესების დაცვის ხარისხი, მით ნაკლები იქნება წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების საჭიროება"

რაც უფრო მაღალი იქნება წესების დაცვის ხარისხი და აქ პირველ რიგში, პირბადის გამოყენება და დისტანცია იგულისხმება, მით უფრო ნაკლები იქნება წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების საჭიროება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ახალი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა მეზვრიშვილის თქმით, შემდგომი შეზღუდვები იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოხდება წესების დაცვა. მისივე თქმით, პროცესი სრულად მართვადია.

“ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება. დღეს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა, რაც საკმაოდ პოზიტიური ტენდენციაა. პროცესის მართვა გრძელდება, მართვისა და ადაპტაციის პროცესში - კერძოდ, კლინიკური მართვის ახალი მეთოდის მიხედვით, ბინაზე მკურნალობის ნაწილში აქტიურად არის ჩართული პირველადი ჯანდაცვა და ყველა იმ პაციენტს, ვისაც ოჯახის ექიმების კონსულტაცია ესაჭიროება, შესაბამისი დახმარება ეწევა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.