წყალმომარაგების კომპანიამ, დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბულაჩაურის წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ტენდერში მონაწილეობის მსურველებს წინადადებების წარდგენა 5 ნოემბრამდე შეეძლებათ. როგორც წყალმომარაგების კომპანიაში აღნიშნავენ, პროექტის ღირებულება 7 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
„სოფელ ბულაჩაურში, მოძველებული და ამორტიზებული სისტემის გამო, არსებული წყლის დებიტი ვერ უზრუნველყოფს მოსახლოების სტაბილურ წყალმომარაგებას.
პროექტი ითვალისწინებს სატუმბო სადგურის, რეზერვუარებისა და წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემის მოწყობას. გარდა ამისა, მოხდება მოსახლოების ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები 18 თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც სოფელ ბულაჩაურის მოსახლეობა, დაახლოებით 3000 -მდე ადამიანი, 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.