სტიპენდია, ექსკლუზიური ვაკანსიები, გაცვლითი პროგრამები – უპირატესობები, რომლითაც კვების ტექნოლოგიის სტუდენტები სარგებლობენ

კვების ტექნოლოგიები უკანასკნელ პერიოდში ერთ–ერთი მეტად პოპულარული და პრესტიჟული სასწავლო პროგრამა გახდა.

თუ ათწლეულების წინ ამ მიმართულებით სწავლა სულ რამდენიმე სტუდენტს უნდოდა, ამჟამად, რაც საქართველოში წარმოება მეტ–ნაკლებად გაძლიერდა და განვითარდა, კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის მიმართ ახალგაზრდების დაინტერესებაც გაიზარდა. სტუდენტები ხშირად სარგებლობენ ისეთი უპირატესობებით, როგორიცაა ექსკლუზიური ვაკანსიები ან ექსკლუზიური სტიპენდია კერძო სექტორის მხრიდან.

როგორც აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების დეკანი შაკო თავაძე განმარტავს, მაღალი კონკურსიდან გამომდინარე ფაკულტეტზე მხოლოდ მაღალი შედეგების მქონე აბიტურიენტები ხვდებიან, ხარისხიანი განათლების მიწოდებით კი კურსდამთავრებულების ძლიერ ნაკადს იღებენ.

რამდენად მაღალია საქართველოში კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტით ახალგაზრდების დაინტერესება?

ამ პროგრამის ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ ის მაღალი დაინტერესებაა ახალგაზრდა თაობებისგან, რასაც ჩვენ წარმატებით ვახერხებთ, წლებია. ეს პროგრამა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ შესაძლებლობად წარმატებული პროფესიული კარიერის შესაქმნელად. აგრარული უნივერსიტეტის გამოცდილებით, აგრარული მეცნიერებების სკოლაში მიღებული სტუდენტების ნაკადში, სასურსათო პროდუქტების ტექნოლოგიის პროგრამა არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ-მოთხოვნადი მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამასთან ერთად. ის რომ ამ პროგრამაზე ჩვენ ვიღებთ მაღალი შედეგების მქონე აბიტურიენტებს, ეს გავლენას ახდენს საბოლოო შედეგზეც და ხარისხიანი განათლების მიწოდებით ვიღებთ ძალიან ძლიერ ნაკადს კურსდამთავრებულების.

რას გვეტყვით სასწავლო პროცესზე, რა გამოწვევების წინაშე დგას უნივერსიტეტი და სტუდეტები?

გამოწვევები სხვადასხვა შესაძლოა იყოს, თუმცა ახლა ყველაზე აქტუალური, ალბათ, მაინც ქვეყანაში არსებული პანდემიის რეჟიმია. ეს ვითარება ბუნებრივია ქმნის შეზღუდვებს და გვიწევს მოკლე დროში ადაპტაცია არსებულ რეალობასთან. თან ისე რომ სწავლების ხარისხი შევინარჩუნოთ და სტუდენტები არ დაზარალდნენ. ამ ვითარებაში სწავლების თეორიული ნაწილი სრულად ონლაინ მიმდინარეობს, მაგრამ ლაბორატორიული და პრაქტიკული ნაწილი, ისევე როგორც შუალედური და ფინალური გამოცდები უნივერსიტეტში ტარდება. ჩვენ გავიარეთ მარეგულირებლისგან შესაბამისი შემოწმება და სრულად ვაკმაყოფილებთ ყველა სტანდარტს, რომ ეს პროცესი ფიზიკურად ჩატარდეს ჩვენთან, იმ რეკომენდაციების დაცვით, რაც უსაფრთხო გარემოს შექმნის და რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს. სტუდენტების ცხრილის კომპლექსურობიდან და პრაქტიკული კომპონენტის ინტენსივობიდან გამომდინარე, ნამდვილად გამოწვევაა ჰიბრიდული რეჟიმის ისე წარმართვა, რომ არ გაცდეს არცერთი კომპონენტი. ჩვენ ეს მოვახერხეთ წინა სემესტრში და იმედი გვაქვს, რომ ამ სემესტრშიც დავძლევთ ამ გამოწვევას.

რა სახის მხარდაჭერას უწევს კერძო სექტორი სტუდენტებს?

ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერა - ეს ერთგვარი სიგნალია უნივერსიტეტისთვისაც და ახალგაზრდებისთვისაც, რომ მათი პროფესია მოთხოვნადია, აქტუალურია და შრომის ბაზარი მზადაა მათში ამ ინვესტიციის განსახორციელებლად. ამის საუკეთესო მაგალითია „ნიკორას“ სტიპენდია სასურსათო ტექნოლოგიების მესამე და მეოთხეკურსელთათვის. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ პროგრამით, რომელიც რეალურად ყველაზე მოტივირებულ და აკადემიურად გამორჩეულ სტუდენტებს აძლევს დამატებით სტიმულს დაეუფლონ ამ პროფესიას. სტიპენდიის ფარგლებში, 2 სტუდენტი მესამე კურსიდან და 2 სტუდენტი მეოთხე კურსიდან, რომელთა აკადემიური შედეგებიც იქნება ყველაზე მაღალი, იღებს ყოველთვიურ ფინანსურ მხარდაჭერას. შედეგებს ჩვენ მონიტორინგს ვუკეთებთ და ყოველსემესტრულად ხდება გადახედვა, ხომ არ შეიცვალა აკადემიური რეიტინგი რომელიმე კურსზე.

მოგეხსენებათ სტუდენტისთვის მისი შრომის და მოტივაციის ამგვარი წახალისება, პირდაპირი მინიშნებაა რომ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად განათლება ყველაზე ეფექტური გზაა და „ნიკორას“ ნამდვილად განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის. ჩვენს რეალობაში ასეთი პროგრამები არ არის ხშირი და ვისურვებდით, რომ სხვა კომპანიებიც ნელ-ნელა ჩაერთონ წარმატებული სტუდენტების მოტივირებაში.

რამდენად ღიაა კერძო სექტორი სტუდენტებთან თანამშრომლობისთვის და ზოგადად, დასაქმება რამდენად პრობლემატური საკითხია?

ეს სფერო და მიმართულება საკმაოდ ჩამოყალიბებულია კერძო სექტორშიც იმისთვის, რომ ახალგაზრდა და პერსპექტიული კადრების მოზიდვით იყოს აქტიურად დაკავებული. ჩვენს ბაზარზე მოქმედი საწარმოები, როგორც მცირე ისე მსხვილი, რეგულარულად საჭიროებენ „ახალ სისხლს“, რაც კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის. აგრარული უნივერსიტეტის რეპუტაცია საკმაოდ მაღალია სასურსათო ტექნოლოგიების სპეციალისტების მომზადების საქმეში, რაც ბუნებრივია გვეხმარება დასაქმების ოფისს დამსაქმებლებთან ურთიერთობაში. ჩვენივე ინციატივით, უნივერსიტეტი მასპინძლობს ხოლმე დასაქმების ფორუმებს, რომლის ფარგლებშიც ადგილზე მოდიან სხვადასხვა ორგანიზაციები და აქვე ატარებენ გასაუბრებებს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. ამ რეჟიმის გარდა, ჩვენი დასაქმების ოფისი ყოველდღიურად იღებს ვაკანსიებს, რომლებსაც ავრცელებს შესაბამის სტუდენტებთან თუ კურსდამთავრებულებთან. ხშირად ეს ვაკანსიები ექსკლუზიურია.

სტუდენტებისთვის თუ ფუნქციონირებს რაიმე სახის გაცვლითი პროგრამები? კვალიფიკაციის ამაღლების რა შესაძლებლობები აქვთ მათ?

უნივერსიტეტი სთავაზობს სხვადასხვა გაცვლით პროგრამას სტუდენტებს, როგორც განათლების მიღების, ისე კვლევის თუ სტაჟირების განხორციელების მიზნით. ამ მხრივ ჩვენს სტუდენტებს განსაკუთრებული დაინტერესება აქვთ დასავლეთ ევროპის (გერმანია, საფრანგეთი, იტალია) რეგიონში, რომლის საუნივერსიტეტო პროგრამებს დიდი საგანმანათლებლო და კვლევითი გამოცდილება აქვთ, განსაკუთრებული დაინტერესება აქვთ ჩვენს სტუდენტებში.