ფქვილის იმპორტიორი კომპანია დახურვის პირასაა - რატომ გაათავისუფლა „მარდიმ“ თანამშრომლები

ფქვილის იმპორტირი კომპანია „მარდი“ დახურვის პირასაა. როგორც კომპანიის დირექტორმა ნუგზარ ღონიაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ამის მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან ხორბლისა და ფქვილის ბიზნესში მოქმედი საწარმოების არაკონკურენტ გარემოში ჩაყენებაა.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც სახელმწიფო ასუბსიდირებს ხორბლის იმპორტს, ფქვილის იმპორტიორებს არაადექვატურ ფასთან ბრძოლა უწევთ.

"ყველა თანხმდება, რომ სუბსიდირება არ არის სწორი მექანიზმი, მაგრამ თუ საჭირო გახდა ისევ გავაგრძელებთო, ეს არის ყოვლად გაუგებარი. ჩვენ, გაჭირვებული ქვეყანა ვართ და დაბალი ფასის საჭიროებაც სულ იქნება, მაგრამ სურათს ხომ მასშტაბურად უნდა შევხედოთ? ეს კლავს კონკურენციას და მაგალითად, ჩემს კომპანიაში თუ მუშაობდა 20 ადამიანი, ახლა 5 დარჩენილი და გაჩერების პირას ვართ. ბოლო 6 თვეა, საწარმო არის ზარალზე. სუბსიდირებაც ბოლო შემთხვევაში მოხდა უცნაურად, მხოლოდ ხორბლის იმპორტიორებისთვის, რის გამოც ჩვენც მოგვიწია არაადეკვატურ ფასთან ჭიდაობა. მე არ ვარ პროფესიით ეკონომისტი, თუმცა ყველასგან ვიცი და ამას სპეციფიური ცოდნაც არ სჭირდება, რომ ხელოვნური ჩარევა ხანგრძლივი ვადით და დიდი დოზებით, ეკონომიკაში დაუშვებელია და საბოლოოდაც არავითარ შედეგს არ იძლევა, მეტიც დამღუპველია. ეს დამანგრეველია ჩვენი სექტორისთვისაც.

ერთადერთი გზაა, რომ კონკურენციის შედეგად დაჯდეს ფასი ნომინალზე, ეს არის კაპიტალიზმი, თორემ მაშინ საბჭოთა კავშირში უნდა დავრჩენილვიყავით, თუ ფასები, სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს. ყველა ობიექტური მიზეზი, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი, ლოგისტიკის ხარჯები, ლარის კურსი, ყველაფერი არსებულზე მაღალ ფასს განაპირობებს. ეს არის ობიექტური რეალობა. . “-აცხადებს ღონიაშვილი.

თამარ მუკბანიანი