“გალფს" ზესტაფონში ქონებას იძულებით ჩამოართმევენ

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.

ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს შორის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული“.

„E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უბისა-შორაპანის (F-3) მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ (ს/ნ 404391136) საკუთრებაში არსებულ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე და მრავალწლიან ნარგავებზე სრულად – ს/კ №32.16.35.010 (წინა საკადასტრო კოდი №32.16.03.902)- “, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

ცნობისათვის, „გალფი" საქართველო მასშტაბით 140 ავტოგასამართ სადგურს ფლობს, მათგან 43 თბილისში მდებარეობს.