პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყურძნის რეკორდული მოსავალი მოვიდა.
როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ასევე წარმატებით მიმდინარეობს ატმისა და ვაშლის მოსავლის აღებაც.
„ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო რთველს, რომელიც დასრულდა. 30 წლის განმავლობაში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო რეკორდული მოსავალი, 277 000 ტონა ყურძენი ჩაიბარეს ჩვენმა მეღვინეებმა მთავრობასთან და სახელმწიფოსთან ერთად. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო რთველი, ასევე გამოწვევებით სავსე რთველი პანდემიის პირობებში, როცა ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენს მევენახეებს, ჩვენს გლეხებს დავდგომოდით გვერდით. ასევე ეფექტურად ჩაიარა რთველმა რაჭა-ლეჩხუმშიც, სადაც ასევე იყო რეკორდული მოსავალი - 1400 ტონამდე სხვადასხვა სახის, სხვადასხვა ჯიშის ყურძნები იყო ჩაბარებული. ასევე ეფექტურად იყო ჩატარებული როგორც ატმის, ისე ვაშლის მოსავალი, რომლის აღება ახლა მიმდინარეობს,“ - განაცხადა გახარიამ.