ქვეყნის გაზიფიცირება 2024 წლისთვის დასრულებული იქნება და საქართველოს ექნება გაზიფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 2024 წლისთვის ქვეყანაში გაზიფიცირების მაჩვენებელი, დაახლოებით, 90% იქნება.
„ქვეყანაში მიმდინარეობს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამწლიანი გაზიფიცირების გეგმა, რომელიც სრულდება 2021 წელს. ჩვენ ბევრი ვიზიტების შემდგომ რეგიონებში ვნახეთ, რომ ამ პროგრამის გაგრძელებაზე მოთხოვნა არსებობს და დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, განვიხილოთ და დავამტკიცოთ გაზიფიცირების შემდგომი სამწლიანი გეგმა, რომელიც შეეხება 2022-2024 წლებს და მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად, ქვეყნის გაზიფიცირება ამ გაზიფიცირების გეგმის დასრულების შემდგომ 2024 წლისთვის იქნება სრულად დასრულებული და საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გაზიფიცირების მაჩვენებელი ევროპაში - დაახლოებით 90%“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.