ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საავიაციო კომპანიები ოპტიმისტურად აფასებენ სამომავლოდ, საქართველოში ფრენების აღდგენას.

„ოპტიმისტურად აფასებენ საავიაციო კომპანიები მომავალში საქართველოში ფრენის და ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება მყისიერად, ეს მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ ეს აძლევს საშუალებას მაგალითად „ვიზეარს“, რომელსაც ჩვენ ყველანაირად შევუწყვეთ ხელი და 2016 წელს შემოვიყვანეთ და მერე გავაფართოვეთ მისი ფრენები. „ვიზეარი“ ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე კვლავ აღადგენს საქართველოში ბაზას. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იყო კოვიდპანდემიით გამოწვეული დროებითი გადაწყვეტილება და ბევრ ქვეყანაში მოუწია ავიაკომპანიებს თავისი ბაზების შემცირება და ფრენების შეწყვეტა, მაგრამ ახლა ხედავს პოზიტიურ ტრაექტორიას ჩვენი ეკონომიკის განვითარების და აცხადებს, რომ გაზაფხულზე დიდი ალბათობით ბაზა აქ აღდგება“, - განაცხადა თურნავამ.