სატელეკომუნიკაციო კომპანია VEON-ი სომხეთში საკუთარ ბიზნესს ყიდის. Veon Armenia-ს (სავაჭრო ნიშანი Beeline) ადგილობრივ კომპანია Team LLC ყიდულობს. გარიგების ღირებულება 51 მლნ დოლარს შეადგენს. VEON-ში ვარაუდობენ, რომ ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება.
VEON-ი სომხეთის ბაზრიდან გამოსვლას „კომპანიის სტრუქტურის გამარტივებით და მიმზიდველი პერსპექტივების მქონე ბაზრებზე ორიენტირების სურვილით“ ხსნის.
სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგის ვებსაიტის თანახმად, VEON-ი 10 ქვეყანაშია წარმოდგენილი, სულ 212 მილიონი ადამიანია. სომხეთში საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ, VEON-ი ცხრა ბაზარზე დარჩება. ესენია: რუსეთი, პაკისტანი, უკრაინა, ყაზახეთი, ალჟირი, ბანგლადეში, უზბეკეთი, ყირგიზეთი და საქართველო.
ცნობისათვის, 2020 წლის დასაწყისში VEON-მა გამოაცხადა, რომ სომხეთში მის შვილობილ კომპანიას Ucom-ზე ყიდის. თუმცა მაისში ჰოლდინგში თქვეს, რომ მოლაპარაკებები შეწყდა, თუმცა რატომ, მიზეზები არ განუმარტავს.
რუსეთში VEON-ი ფლობს სატელეკომუნიკაციო კომპანია VimpelCom- ს. 2006 წელს მან შეიძინა სომხეთის ერთ-ერთი უდიდესი ოპერატორი ”არმენტელი”. მოგვიანებით კომპანიამ შეიცვალა სახელწოდება და გახდა VEON Armenia" და 2008 წლიდან აწარმოებს კომუნიკაციურ მომსახურებას „ბილაინის“ ბრენდის ქვეშ.
VEON-ი წარმოდგებილია საქართველოს ბაზარზეც. ის ქვეყანაში 2007 წლიდან ოპერირებს. 2020 წლის აგვისტოს მონაცემებით, კომპანიის აბონენტთა რაოდენობა 1 231 272-ს შეადგენს.
სომხეთის ბაზრის შემდეგ, ხომ არ განიხილება საქართველოს ბაზრიდანაც გასვლა, VEON-საქართველოში პასუხობენ, რომ - არა: „ჯერჯერობით სათაო ოფისიდან რაიმე ტიპის შეტყობინება ბაზრიდან გასვლასა და ბიზნესის გაყიდვასთან დაკავშირებით არ მიგვიღია“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ VEON-საქართველოში.