ქვეყანაში ფულის მასის მოცულობა რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის სექტემბერში ქვეყანაში ფულის მასის მოცულობამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

უფრო კონკრეტულად M2 აგრეგატმა, რომელიც ფაქტობრივად ფულის მთლიან მასას ასახავს ეკონომიკაში, 13,7 მილიარდ ლარს მიაღწია.

უნდა აღინიშნოს, რომ ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 1,8 მილიარდი ლარით ნაკლები იყო და 11,26 მილიარდ ლარს შეადგენდა. წლიურ ჭრილში ფულის მასის ზრდა 16.04%-ია. ეკონომიკაში ფულის მასის დრამატული ზრდა 2017 წლიდან დაიწყო, კერძოდ 2017 წლის იანვარში ფულის მასის მოცულობა 6,237 მილიარდ ლარს შეადგენდა, 2018 წელის იანვარში 7 მილიარდ 990 მილიონ ლარამდე, ხოლო 2019 წლის იანვრისთვის ფულის მასის მოცულობამ ეკონომიკაში 9,240 მილიარდი ლარი შეადგინა.

რასაკვირველია, მიმდინარე წელს ფულის მასის 16%-იანი ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კორონავირუსისგან წარმოქმნილი კრიზისია, რის გამოც საქართველოს მთავრობამ ანტიციკლურ ფისკალურ პოლიტიკას მიმართა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ხარჯვითი ნაწილი გაზარდა.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე