რატომ მიუვიდათ მომხმარებელებს გაზრდილი კომუნალური გადასახადები სუბსიდიის ამოწურვის შემდეგ

„არცერთი მომხმარებელი არ დარჩა მისთვის კუთვნილი დახმარების გარეშე“, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

აღნიშნულით ის კომუნალურებზე შეღავათების პროგრამის პირველ ეტაპზე მომხმარებლების მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს გამოეხმაურა. კერძოდ, როგორც მოქალაქეები წერდნენ, საშეღავათო პერიოდის ამოწურვის შემდეგ, მათ გაზრდილი კომუნალური გადასახადები მიუვიდათ.

როგორც გიორგი ფანგანმა განმარტა, ყველა კომპანიის შემთხვევაში, სააგნარიშო პერიოდი თვის სხვადასხვა რიცხვიდან იწყება, შესაბამისად, დარიცხვებიც სწორედ ამ თარიღის მიხედვით მოხდა.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს მთავრობა მეორე ეტაპზეც - მიმდინარე წლის ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალშიც აუნაზღაურებს. კომუნალურებზე შეღავათების პროგრამა იგივე პრინციპით განხორციელდება, როგორც აქამდე იყო - 200 კილოვატ საათი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება იქნება მთავრობის მიერ კომპენსირებული. შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს კი ექნებათ შესაძლებლობა ასეთ დახმარებაზე უარი თქვან.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებმა სუბსიდირებით მიმდინარე წლის მარტში, აპრილსა და მაისშიც ისარგებლეს. მაშინ მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე 170 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ხოლო სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე უარი სამი თვის განმავლობაში 9 600-მა მოქალაქემ თქვა.

„ბევრმა მომხმარებელმა არასწორად გაიგო 3 და 4 თვის სუბსიდირება. მოგეხსენებათ, საანგარიშო პერიოდი კომპანიებისთვის არ არის 1-ლი რიცხვიდან 31-რიცხვამდე. ყველა კომპანიას აქვს თავის საანაგარიშო პერიოდი, ეს შეიძლება დაიწყოს 10, 15 ან 28 რიცხვიდან. შესაბამისად, როდესაც დასრულდა პირველი პროგრამა სუბსიდირების და ივნისში მიუვიდათ მაისის თვის დარიცხვა, მომხმარებლებმა გააპროტესტეს. ჩვენ კარგად შევისწავლეთ საკითხი, ძალიან ბევრი საჩივარი იყო შემოსული. ინდივიდუალურად შევისწავლეთ ყველა და გავუგზავნეთ პასუხები, სადაც მოყვანილი იყო როდის დაუსუბსიდირდათ. ანუ მაგალითად 1-ლი მარტიდან რომ იწყებოდა პროექტი, რეალურად ბევრს 15 თებერვლიდან 15 მარტამდე რაც მოიხმარა, ის დაუსუბსიდირდა.

ჩვენ შევისწავლეთ ასეულობით საკითხი და ყველა შემთხვევაში სწორად იყო დაანგარიშებული. აქ პასუხისმგებლობა გადადის კომპანიებზე, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ მთავრობას, ვინც ახდენს სუბსიდირებას. იმ თვეებში, როცა ეკუთვნოდა მომხმარებელს სუბსიდიის მიღება, ეს გაკეთებული იყო, არცერთი მომხმარებელი არ დარჩა მისთვის კუთვნილი დახმარების გარეშე. ეს ძალიან მკაცრად გაკონტროლდა და ახლაც გაგრძელდება. მითუმეტეს, რომ უკვე შესწავლილი გვაქვს საკითხი და უფრო მომზადებულები შევხვდებით“,- განაცხადა გიორგი ფანგანმა.

ნინი ქეთელაური