,,ჯერ კიდევ ვფიქრობ, ჩავიბარებ თუ არა წელს მანდარინს“ - ციტრუსის ექსპორტიორი კომპანია

კორონავირუსის გამო შექმნილი არასტაბილური ვითარების გამო ექსპორტიორი კომპანიების ნაწილი ქვეყნიდან პროდუქტის გატანას უკვე სიფრხილით ეკიდება.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ,,აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ დამფუძნებელმა კახა შავაძემ განუცხადა, ჯერ კიდევ არ იცის, ჩაიბარებს თუ არა ფერმრებისაგან მანდარინს, რომელიც საექსპორტოდ გააქვს.

კახა შავაძე, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ თავს იკავებს მანდარინის ჩაბარებისა და ექსპორტის დაწყებისაგან, რადგან ლოქდაუნის შემთხვევაში, „დამღუპველ ფინანსურ ზარალს“ მიიღებს.

,, ჩემი კომპანია ხარისხზე მუშაობს. სხვადასხვა ხილის ექსპორტს ვახორციელებთ რუსეთში. ქსელებს ვამარაგებთ. მაღალია ხარისხი და შესაბამისად, ფასიც შედარებით მეტია, ჩვენ ჩვენი ნიშა გვაქვს. წელს, პანდემიის გამო, ძალიან მცირე რაოდენობით ტვირთი გავგზავნე, რადგან არ ვიცოდი როდის მოხდებოდა საზღვრების ჩაკეტვა, ან რომელიმე რეგიონის ლოქდაუნი, ამიტომ დიდ რისკზე ვერ წავედი და ვმუშაობდი ძალიან ფრთხილად. სულ 5 მანქანა გავგზავნე, რაც ძალიან მცირე რაოდენობაა, არადა ძალიან კარგი მოსავალი იყო, მაგრამ სულ ეპიდ აფეთქების შიში მქონდა.

ახლა ცოტა არ იყოს თავს ვიკავებ მანდარინის ჩაბარების და გაგზავნისაგან. წმინდა ეკონომიკური გათვლების გამო. მანდარინის სეზონი ერთი თვიდან თვენახევრამდე გრძელდება, მომზადებას კი ინვესტიცია სჭირდება. შესაფუთი მასალების ყიდვა და სხვა საორგანიზაციო საკითხები. უცებ, ლოქდაუნი რომ გამოცხადდეს, ფინანსურად დავიღუპები. წმინდა პრაგმატული მოსაზრებებით თავს ვიკავებ. ყველა რისკის გადაზღვევას ვცდილობ. მირჩევნია, არ მოვიგო, ვიდრე წავაგო. ამიტომ, სავარაუდოდ წელს ციტრუსის ექსპორტზე არ ვიმუშავებ.“- განაცხადა ,,აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ დამფუძნებელი.

ცნობისთვის, 2019 წელს მანდარინის ყველაზე დიდი ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა: რუსეთში – 20 000 ტ. უკრაინაში – 5 200 ტ.• სომხეთში – 4 400 ტ.

თამარ მუკბანიანი