მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე დაახლოებით, 47 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს, სანაცვლოდ ამ შემომწირველებმა იგივე პერიოდში 1.3 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” ანგარიშშია აღნიშნული.
კვლევის მიხედვით, ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია შპს “გ & კ” ტექნოლოგი, რომელმაც წლის განმავლობაში 17.2 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა კი „ქართულ ოცნებას” 60,000 ლარი შესწირა.
„კიდევ ერთი მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტორია შპს ლ.და.კ, რომელმაც 2020 წელს 8.1 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო, ხოლო მისმა მფლობელებმა მმართველი პარტიის ყულაბაში 22,000 ლარი შეიტანეს. ტენდერების გარდა, მმართველ პარტიის შემომწირველი ფიზიკური პირების კომპანიები გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების მიმღებებიც არიან.
კერძოდ, 2020 წლის 1 -ელ ოქტომბრამდე დაახლოებით 3.8 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა დაახლოებით 2.2 მლნ ლარი გაიღეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ამ კომპანიებიდან აღსანიშნავია შპს ყვარლის ედემი, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარის - ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორების მფლობელობაშია. ეს კომპანია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ყურადღების ცენტრში მიმდინარე წლის გაზაფხულზეც მოექცა, როდესაც საგანგებო მდგომარეობის დროს მისი მფლობელების მიერ თანხის შეწირვიდან რამდენიმე დღეში გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის მსხვილი კონტრაქტი გაუფორმეს”,- ნათქვამია კვლევაში.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდი თანხებით აფინანსებს.
„სამმა ასეთმა ჯგუფმა 2020 წელსაც გააგრძელა მსხვილი შემოწირულებების განხორციელება. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას” მთლიანობაში 447,500 ლარი შესწირეს. შპს „ლილო-მოლთან” დაკავშირებულმა პირებმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჯამში 595,000 ლარი გაიღეს, ხოლო შპს „სერვის-აგრო"-სთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა კი იგივე პარტიას 255,000 ლარი შესწირეს”,- აღნიშნულია კვლევაში.